1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მეოთხედი საუკუნე შესრულდა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით.

“მეოთხედი საუკუნე შესრულდა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან. სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში. მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და, ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკით, თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი. 

ღრმად მწამს, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას, სადაც ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკურ უფლებათა დაცულობა, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაღრმავება ყველა ჩვენგანის საერთო საქმე, წინსვლის წინაპირობა იქნება”,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები