1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო

ჩამოტვირთვა

საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით, 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო

აქციის პირობებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2 მარტს იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გამართა.
საარჩევნო სიების დახვეწის მიზნით პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

• საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;
• მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
• რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
• მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
• მოქალაქეები რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი
• ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე;
ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 2018 წელს საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. კარუსელს.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; 2 400 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა; აქედან 1 400 000-მდე პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით − უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისაგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 2 500 000-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 250 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 700 000- მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეის მდგომარეობით ბაზაში 3 506 573 პოტენციური ამომრჩეველია, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო მონაცემების უდიდესი ნაწილი დაზუსტებული და უტყუარია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არჩევნების სანდო პირობებში ჩატარებას.

რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები