0 5 : 0 4
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს

ჩამოტვირთვა

შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამის მიზეზი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახდა. საქმეში ბრალდებული რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა.

„უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესს, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთნ დაკავშირებით.

მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს, სწორედაც რომ ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ პრეზიდენტს ვეფხია ბაქრაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართა.

„კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომც არ გამენახევრებინა სასჯელი და არ მომეკლო ექვსი თუ შვიდი თვე, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ ეს დღეები ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის შემთხვევებს განიხილავს. განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, რა სიმძაფრითაც განვიხილავთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომელზეც ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია გაგაცანით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები