0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბედისწერო ქალები საქართველოს ისტორიაში

ჩამოტვირთვა

იმერეთის დედოფალი თამარი - ის სხვადასხვა დროს 3 ქართველი მეფის ცოლი იყო, მის რიგით მესამე ქმარს გიორგი გურიელს კი, თამართან ქორწინებამდე, ცოლად თამარისავე ქალიშვილი ჰყავდა. სილამაზით განთქმული და სიყვარულით განებივრებული თამარი ფუფუნებისა და დიდების მოყვარული ქალი იყო, სწორედ ამიტომ თაყვანისმცემელთა სიმრავლის მიუხედავად, მისი არჩევანი ყოველთვის მეფეებზე ჩერდებოდა. თამარ დედოფალი მუხრანბატონების შთამომავალი გახლდათ, მისი პირველი ქმარი ოდიშის მთავარი, ლევან მესამე დადიანი იყო. 1663 წელს ლევან მესამე იმერეთის მეფეს ბაგრატ მეოთხესთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა. დადიანის დამარცხება ბაგრატ მეოთხის ერთადერთი მიზანი არ ყოფილა, მას თამარის ცოლად შერთვა სურდა და შეყვარებულმა მეფემ საყვარელი ქალის დასასაკუთრებლად საკუთარი და ქმართან განშორებული თინათინი გამოიყენა. თამარმა ბაგრატ მეოთხესთან ერთად 22 წელი იცხოვრა, თუმცა ისტორიული წყაროების თანახმად, ქმრის ერთგული არასოდეს ყოფილა. რიგითი თავადების გარდა თამარის თაყვანისმცემელთა სიაში ეპისკოპოსი გენათელიც იყო, თუმცა იმერეთის დედოფლის სიყვარული ყველაზე მეტად გურიის მთავარ გიორგი გურიელს უკარგავდა მოსვენებას. ცოლის თაყვანისმცემლის გზიდან ჩამოსაშორებლად, ბაგრატ მეოთხემ გიორგი გურიელს თავისი და თამარის ასული დარეჯანიც კი მიათხოვა. თამარი გიორგი გურიელის სიდედრი გახდა, მაგრამ 1681 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის სამეფო ტახტი გიორგი გურიელმა ჩაიგდო ხელში, რის შემდეგაც ცოლს გაშორდა და საკუთარ სიდედრზე იქორწინა. პირველ ქმართან დაბრუნების შემდეგ, თამარ დედოფალი აღარ გათხოვილა, თუმცა მისი 3 ქორწინება, უსაზღვრო სილამაზე და თამამი ხასიათი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მისი სახელის დასაწერად საკმარისი აღმოჩნდა. თამარ მეფის ასული რუსუდანი - მას მეფობისთვის არ ამზადებდნენ, თუმცა ლაშა-გიორგი გარდაცვალების შემდეგ, ტახტის კანონიერი მემკვიდრე სწორედ ის იყო და 1223 წელს თავზე მეფის გვირგვინი დაადგეს. ისტორიული წყაროების თანახმად, გარდაცვალების წინ ლაშა-გიორგიმ საკუთარი უკანონო ვაჟის დავითის აღზრდა და გამეფება სწორედ რუსუდანს სთხოვა, მაგრამ თავად რუსუდანს სხვა გეგმები ჰქონდა. თამარ მეფის ასული საკუთარი ვაჟის გამეფებას აპირებდა, რაზეც მოწმობს 5 წლის ასაკში დავით რუსუდანის ძის მეფედ კურთხევა. სასტიკი დედოფლის მიზნებს საფრთხეს უქმნიდა ლაშა გიორგის უკანანო ვაჟი დავითი, რომლის თავიდან მოსაშორებლად რუსუდანმა საკუთარი ქალიშვილიც კი გაწირა. ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართა საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის ასული გახლდათ. როდესაც ბიზანტიაში აღსაზრდელად ჩაიყვანეს, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მეფის ასულის ხელი ბიზანტიის უფლისწულმა, მიხეილ VII დუკამ, ითხოვა და მარიამ-მართამ საქართველო ისევ დატოვა. სილამაზითა და გონიერებით განთქმულ დედოფალს შორიდან ეტრფოდნენ ბიზანტიელი დიდგავროვნები. 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა, მიხეილ დუკა მონასტერში გაამწესეს და იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე გამოაცხადეს. სამეფო ტახტის დასაკუთრების შემდეგ, ახალი იმპერატორის პირველი გადაწყვეტილება მარიამ-მართაზე დაქორწინება იყო. საკუთარი ვაჟისთვის სამეფო ტახტის შესანარჩუნებლად, მართა მარიამი იმპერატორი ქმრის წინააღმდეგ, კომნენოსების დინასტიის მოკავშირე გახდა და ნიკიფორე მესამის წინააღმდეგ გადატრიალება მოაწყო. მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, საკუთარი შვილისთვის სამეფო გვირგვინი შეენარჩუნებინა და კომნენოსებს, თანამსრომლობის სანაცვლოდ, სწორედ ეს მოთხოვნა წაუყენა. ნიკიფორე მესამის დამარცხების შემდეგ, კომნენოსების დინასტიამ პირობა არ შეასრულა. მათ მართა-მარიამის ვაჟი თავიდან მოიშორეს, თავად მართას კი მონასტერში მიუჩინეს ბინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები