0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ათონის მთაზე დაწყებული დიდი სასწაული…

ჩამოტვირთვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა იწყება. სასწაულმოქმედი ხატის დედანი ათონის მთის ქართულ მონასტერში – ივერონშია დაბრძანებული. ხატი წმინდა მთის მფარველად ითვლება. საეკლესიო წყაროების თანახმად, როდესაც უფლის დავალების შესაბამისად, წმინდა მოციქულები იერუსალიმში შეიკრიბნენ და განიზრახეს, წილი ეყარათ, ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა, მარიამმა განაცხადა: „მეც მინდა, წილი თქვენთან ერთად ვიყარო. დაე, მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც უფალი მიმითითებს“. ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, ანუ საქართველო. როდესაც მან ივერთა ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „აწ ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდება მომავალში და შენი მეუფება განმტკიცდება იქ. მცირე ხნის შემდეგ, შენ ღმრთის სიტყვა უნდა ახარო იმ მიწას, სადაც მიგიყვანს უფალიო“. მაშინ ქალწულმა მარიამმა ანდრია მოციქულს უხმო და ივერიის საკურთხებლად თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა. ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატთმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს, მეფობის დროს კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო პატიოსან ხატებს ანადგურებდნენ და წვავდნენ. იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან, ერთი კეთილმსახური ქვრივი, თავის ვაჟთან ერთად, ცხოვრობდა. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც ხშირად ლოცულობდა. ერთხელაც ქვრივის სახლში მეფის მზვერავები მივიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ღვთისმშობლის ხატს მახვილი ჰკრა. წამსვე ქალწულის ლოყიდან, როგორც ცოცხალი სხეულიდან, სისხლი წამოვიდა, შეშინებული ჯალათები მაშინვე გაიქცნენ. მათი წასვლისთანავე, ქვრივი ცრემლითა და ცადაპყრობილი ხელებით ევედრა ზეციურ დედოფალს და ბოლოს, დიდი მოკრძალებით, ხატი ზღვის ნაპირას მიაბრძანა. ქალმა სანატრელი სიწმინდე წყალში ჩაუშვა და იხილა სასწაული – ხატი ზეაღიმართა და, ტალღებთან ერთად, დასავლეთისკენ გაუჩინარდა. ამ დღის შემდეგ, ქვრივის ვაჟმა, დედის თხოვნით, ნიკეა დატოვა და ათონის მთაზე დამკვიდრდა. აქ ის ბერმონაზვნად ეკურთხა, სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა მამებმა წმინდა ხატის ზღვაში ჩაშვების ამბავი. 200 წლის შემდეგ, ათონზე ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს. ნათელი ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. მამები შეეცადნენ, ნავით ხატს მიახლოებოდნენ, მაგრამ სიწმინდე მათ მაშინვე განეშორა. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, ბერები ზეციურ დედოფალს პარაკლისებს უხდიდნენ, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. ღვთისმშობელი კი მხოლოდ წარმომავლობით ქართველ ბერს, გაბრიელს, გამოეცხადა, რომელიც იმხანად, ივერთა სავანის მიდამოებში, ძნელად მისავალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას. ღირს გაბრიელს ზეციურმა დედოფალმა ჩააგონა: „აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად, ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“. წმინდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს უამბო, მეორე დღეს, განთიადზე ღვთისმშობლისადმი მხურვალედ ილოცა და ფეხი ზღვის ტალღებზე შედგა, საკვირველად განვლო წყალი და ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი და იქვე აუგეს სამლოცველო. იმ ადგილას, სადაც წმინდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, საკვირველთმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარი ხორციელი და სულიერი სნეულებების მკურნალია. გადმოცემის თანახმად, სანამ ღვთისმშობლის ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელ ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ეს ხატი ისეთივე იდუმალი გზით გაუჩინარდება, როგორითაც მობრძანდა და მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, რადგან, თქმულების მიხედვით, სწორდ ეს იქნება ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი. 2005 წელს საქართველოში ათონის მთიდან 13 ღირსი მამა ჩამოვიდა და მათი მონაწილეობით ეკურთხა მახათას მთის სამონასტრო კომპლექსი, როგორც ათონური ტრადიციების გამგრძელებელი სასულიერო ცენტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები