0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი „ჯულიან ასანჟი“ და თსუ-ს სტუდენტების სკანდალური მიმოწერა

ჩამოტვირთვა

georealism-ის ბლოგზე ქვეყნდება ბლოგ–ტექსტი, სადაც მისი ავტორი საკუთარ თავს „ქართველ ჯულიან ასანჟს“ უწოდებს. როგორც ირკვევა, მან მოიპოვა წვდომა სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ფეისბუქ-პროფილებზე. თსუ-ში მიმდინარე პროცესები ძალიან აქტუალური თემაა. სტუდენტურ თვითმმართველობას დღეს ერთიანი სტუდენტური მოძრაობა წარმოადგენს. მას უპირისპირდება სტუდენტთა რამდენიმე სხვა ჯგუფი - „სტუდენტური ხმა“ და „ახალგაზრდული ცენტრი“. თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 18 მაისს ტარდება. შესაბამისად, ერთიანი სტუდენტური მოძრაობა, თვითმმართველობის სათავეში დასარჩენად, სტუდენტთა სხვა ჯგუფი კი, რომელიც თავს დამოუკიდებელ, პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან თავისუფალ ძალად წარმოაჩენს, თვითმმართველობაში მოსასვლელად იბრძვის. ქართველი „ჯულიან ასანჟი“ ამჯერად სწორედ მეორე, თითქოსდა პოლიტიკური პარტიების გავლენისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი ძალის წარმომადგენლების პირადი მიმოწერით დაინტერესდა. ტექსტის ავტორი უთითებს ვიდეოს, იმის დასტურად, რომ მიმოწერის სქრინ-ფოტოები ნამდვილია და არა ფოტოშოპით დამუშავებული. მიმოწერიდან ირკვევა, რომ ალტერნატიულ სტუდენტურ ძალას, რომელიც თვითმმართველობაში არჩევნების გზით მოსასვლელად იბრძვის, 100 ათასი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი აქვს, რამაც არჩევნებში მათი გამარჯვება უნდა უზრუნველყოს. ბლოგერი წერს, რომ ამ თანხას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენლის დავით ფაცაციას ძმა, ალექსი განაგებს. მოყვანილია მიმოწერის ნაწილიც, სადაც ერთიანი სტუდენტური მოძრაობის მოწინააღმდეგე სტუდენტები თანხის განკარგვაზე საუბრობენ და ახსენებენ შეხვედრის ორგანიზებას „ტრიუმფში“ ან „თუსაიდში“, ასევე „ლაიქების“ კამპანიას, ოფისის დაქირავებას, ექსკურსიებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. ბლოგის ავტორის თქმით, სწორედ ალექსი ფაცაციას ძმა, დავითი გახლავთ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ბიძინა ივანიშვილისგან თანხის მიღების გარანტი. „სად წავიდა ფული? ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 4 მაისს საღამოს 6 საათზე ივანიშვილის ახალგაზრდულის ოფისში სერიოზულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ზემოთ ხსენებულ დავით ფაცაციასა და დანარჩენებს შორის, რომლებიც მას აბრალებდნენ თანხის დიდი ნაწილის მითვისებას. ჯერ არ მოსულხართ და თქვენი მოსვლისთვის მოცემული ფული შეჭამეთ და მერე ერთმანეთს დაუწყეთ დაჭმა და რომ მოხვალთ მერე რას გააკეთებთ???“ - წერს ბლოგერი თავის წერილში. ქართველი „ჯულიან ასანჟი“ აღნიშნავს, რომ მსგავს სკანდალურ მასალებს კიდევ არაერთხელ გამოაქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები