1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთობლივი პრესკონფერენცია

ჩამოტვირთვა

 

ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ ამ მიმართულებით სვლას მომავალშიც განვაგრძობთ; საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ალიანსისკენ ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური განხორციელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
პრემიერი აფხაზეთსა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხსაც შეეხო.
„ამ კუთხით, მინდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება და წუხილი იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთის მხარე ოკუპირებულ რეგიონებში აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონის და, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის დარჩება. 
„გვჯერა, რომ ალიანსი ღია კარის პოლიტიკის ერთგული დარჩება და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უელსის სამიტს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საფეხური უწოდა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი გახდება.
„ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს არსებითი პაკეტი, რათა გავაძლიეროთ თქვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები და წევრობასთან დაახლოებაში დაგეხმაროთ. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაში. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ ევროატლანტიკური გზის გაგრძელება სურს და საქართველო ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო უახლოვდება ნატოს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე და ამიტომაც, ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს შორის და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები