მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა გორელების 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს და მოსავალიც აიღეს
2016-08-24 14:34:03
ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგი მცდელობა გორში. რუსი სამხედროები სოფელ სობისში გამოჩნდნენ. ისინი ადგილობრივებს მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე რუსული კომბაინი გამოჩნდა. ოკუპანტებმა ის მოსავალი აიღეს, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ამ დროის მონაცემებით, ოკუპანტებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებს, რათა სოფელ სობისში შექმნილი ვითარება მოგვარდეს."ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ეზღუდება საკუთარი მოსავალი აიღოს სამეურნეო მიწებზე, და ჰქონდეს, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონოა, რამდენადაც არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს. ესაა ოკუპაციის რეალური სახე, რაც არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშიც შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ადამიანებს აქვთ ყოველდღიურად უამრავი პრობლემა ამ განგრძობითი ოკუპაციის გამო. ჩვენ რა თქმა უნდა გამოსავალზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ კიდევ ვაპირებთ ცხელი ხაზის გააქტიურებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ხელმძღვანელსაც ვესაუბრე აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსთვის ეს სოფელი და ყველა სოფელი ზოგადად, რომელიც განლაგებულია გამყოფი ხაზის გასწვრივ არის ძალიან პრიორიტეტული. პრობლემები ძალიან ბევრია და მოსახლეობას ჩვენ ვცდილობთ შევუმსუბუქოთ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ადამიანები დარჩნენ საკუთარ მიწაზე და გააგრძელონ ცხოვრება მშვიდობიან რეჟიმში", - განაცხადა ციხელაშვილმა.
კომენტარები