0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,კონსენსუსით და დიალოგით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა"

ჩამოტვირთვა

გიორგი მარგველაშვილი - კონსენსუსით, მხარეების მაქსიმალური ჩართულობით და დიალოგით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრო და კონფერენციის მონაწილე 40 მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს სიტყით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს, ერთიან, ევროპულ სამართლებრივ სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარების მნიშვნელობაზე და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების პროცესში მის როლზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვისას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში საქართველო დარჩეს ევროპული ფასეულობების ერთგული და პროცესი მაქსიმალური კონსენსუსით მიმდინარეობდეს, რადგან დიალოგი და მაქსიმალური ჩართულობა აღნიშნული პროცესის ლეგიტიმურობას უზრუნველყოფს.
„სწორედ ევროპული ფასეულობები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ჩვენი საზოგადოებები ვითარდება, მათ შორის, ქართული საზოგადოებაც, რომელიც ამ ღირებულებებს აღიარებს და აფასებს. 

თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, ფაქტიც რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე, რომ ამ ღირებულებების მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნებია დასმული.
ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ ეს გამოწვევები აქვს ყველა ღირებულებით დისკუსიას, ყველა ღირებულებით ინსტიტუტს, მათ შორის, სასამართლოებს და საკონსტიტუციო სამართლის სივრცესაც. 

სუვერენიზმი, ევრაზიალიზმი, კულტურული რელატივიზმი, ტერორიზმი, ევროპული საერთო უსაფრთხოების სივრცე - ეს ის სფეროებია, რომელშიც ძალიან აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები და ბუნებრივია, რომ ეს პროპაგანდისტულ კითხვებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ.

ეს დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს. პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით საქართველოშიც გამოიხატება. 

საქართველოშიც ხანდახან გაისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი თითქოსდა ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვენი, სუვერენული არჩევანისგან, რომ უმრავლესობის ნება უპირობოა და არ უნდა იქნას განხილული. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, ჩვენ დავინახოთ საქართველოში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი.

ამ დისკუსიაში, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. 
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე. აქ ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავალპარტიულობის და კონსენსუსის ღირებულებებთან მიმართებაში. იქედან გამომდინარე, რომ სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იგება და იქმნება მთელი სახელმწიფო სისტემა.

ამ კონსტიტუციური ცვლილებების დაანონსებისთანავე, ხაზს ვუსვამდი, იმას, რომ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამ სფეროში განსაკუთრებით ორიენტირებით კონსენსუსზე. და სწორედ კონსენსუსით, მაქსიმალური ჩართულობით მხარეების, მაქსიმალური დიალოგით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კონგრესზე.
კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე პრემიერმინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ევროკავშირის ელჩმა საქრთველოში.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო მოსამართლეთა კონგრესს ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და მრჩევლებთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები