0 4 : 1 9
 | 

საზოგადოება

რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები ?

  არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თბილისის მერობის კანდიდატების ქონებასა და ბიზნესინტერესებსზე ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ:

• თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი - ალექსანდრე ელისაშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი;

• დედაქალაქს მერობის 2 ქალი კანდიდატი ჰყავს - ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ და ირმა ინაშვილი „დავით თარხან-მოურავი, ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“;

• კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან პარტიული სიის პირველ ნომრად ქალი კანდიდატები დაასახელეს „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ”, "რესპუბლიკურმა პარტიამ" და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“;

• კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 3-ს (კახა კალაძე, ირმა ინაშვილი, კახა კუკავა) ბიზნესინტერესები აქვს კომპანიებში; რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, ბიზნესინტერესები მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიით წარდგენილ მარიკა დარჩიას აქვს;

• მერობის კანდიდატებიდან 5-ს (კახა კალაძე, ელენე ხოშტარია, კახა კუკავა, გიორგი ვაშაძე, გიორგი გუგავა, თენგიზ შერგელაშვილი), სიის პირველი ნომრებიდან ასევე 5-ს (დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გაბაშვილი, გოჩა თევდორაძე,  ხათუნა სამნიძე, ნანა ტოხვაძე)  სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს, მერობის კანდიდატის კახა კალაძეს ქონება და ბიზნესინტერესები: კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 31 იანვარს წარადგინა. კალაძე ფლობს ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში (ერთ-ერთი ბინა, 367,60 კვ.მ ფართობით, ჭავჭავაძის გამზირის 23-23ა-ში 71 280 ლარად შეიძინა), საცხოვრებელ სახლს სამტრედიაში, ორ აგარაკს წყნეთში, მიწის ნაკვეთსა და ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში, ორ-ორ ნაკვეთს -  ბაკურიანსა და წყნეთში, გარდა ამისა, ერთი ნაკვეთი (1139 კვ.მ) ასევე წყნეთში 298 000 აშშ დოლარად შეიძინა, ბაკურიანში კი 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 80 000 აშშ დოლარად. კიევში, გამარჯვების გამზირზე 39, 220 კვ.მ ბინა 150 000 დოლარად, ამავე ქალაქში შევჩენკოს გამზირზე 11, 250 კვ.მ ბინა კი 700 000 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე 800 000 აშშ დოლარად შეიძინა 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი კიევში. 25 000 ევრო გადაიხადა Harley Davidson Spinger-ში, 20 000 ევრო - Harley Davidson Bobber-ში, Harley Davidson V Rod-ში კი 28 000 ევრო. 135 000 ევროდ შეიძინა  Bentley Continental, Mercedec G63 - 140 000 ევროდ, Ferrari GTO - 360 000 ევროდ, Flat 500 Bi Posto  - 50 000 ევროდ, Mercedes Benz AMG GTS - 145 000 ევროდ. კახა კალაძის მფლობელობაშია ლადო გუდიაშვილის 190 000 აშშ დოლარის ღირებულების 3 ფერწერული ტილო, ასევე ელენე ახვლედიანის 3 ნამუშევრიდან ერთი აჩუქეს, 2-ში კი 55 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის შევსების დროს კალაძეს სხვადასხვა ანგარიშზე ჰქონდა 3 604 614 აშშ დოლარი და 5 052 219 ევრო, მეუღლეს ანა არეშიძეს კი 31 302 ევრო. ასევე ნაღდი ფულით დანაზოგის სახით  20 000 აშშ დოლარი. კახა კალაძე კვიპროსში რეგისტრირებული შპს Kala capital limited-ის და შპს კოლხეთის 100%-იანი მეწილეა. 2016 წელს უკრაინაში რეგისტრირებული შპს “იუკას” 33%-იანი წილის ფლობიდან შემოსავლის სახით 480 000 აშშ დოლარი მიიღო, ასევე უკრაინაში რეგისტრირებული “ნესტ გრუპის” 50%-იანი წილის ფლობიდან ამავე წელს 250 000 ათასი ევრო. კახა კალაძემ 2012 წლის 29 ივნისიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე “ქართულ ოცნებას” არაფულადი და ფულადი სახით ჯამში 165 550 ლარი შესწირა.
„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა ‐ დემოკრატიული მოძრაობა ‐ თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატის კახა კუკავას ქონება და ბიზნესინტერესები: კახა კუკავას სახელზე საჯარო რეესტრში არანაირი სახის ქონება არ ირიცხება. კუკავას ბოლო ქონებრივი დეკლარაციისთანახმად, დედა - დალი შენგელია წყნეთში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს. დეკლარაციის შევსების შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში, კახა კუკავამ ბადრი ნიაურთან ერთად დააფუძნა შპს “ნიაური და კომპანია” (ს/კ 402018927) - საადვოკატო/იურიდიული მომსახურების კომპანიაში კუკავას 50% ეკუთვნის, ისევე როგორც 2014 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს “ნიკოლაძე და კუკავაში” (ს/კ 406130770). კახა კუკავას და - ნუნუ კუკავა შპს “სანდო კონსალტინგის” (ს/კ 203833058) 100%-იანი მეწილეა. კახა კუკავამ 2012 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით “თავისუფალ საქართველოს”, “ახალ მემარჯვენეებს”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს” ჯამში 43 ათას ლარზე მეტი შესწირა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილის ქონება: საჯარო რეესტრის მონაცემებით, უდუმაშვილი თბილისში, ატენის ქუჩაზე ბინის (ს/კ 01.14.14.005.195.01.070ა) და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.13.22.011) მფლობელია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატის ირმა ინაშვილის ქონება და ბიზნესინტერესები: 2017 წლის 13 იანვარს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე მემკვიდრეობით მიიღო 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ბაზალეთში 2100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ლიკანში კი 49 კვ.მ ბინა 10000 აშშ დოლარად შეიძინა. ინაშვილის მეუღლე კახაბერ კევლიშვილი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას თამარაშვილის ქუჩაზე და არასაცხოვრებელი ფართს პეტრიწის ქუჩაზე. ირმა ინაშვილი “მედია-სახლ ობიექტივის” 28.5%-იანი წილის მფლობელია.
„ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო“ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარია ქონება:2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ხოშტარიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ტაბახმელასა და იყალთოში, საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში და აგარაკი იყალთოში. მეუღლე ირაკლი ბერიძე 2-2 ბინას ფლობს თბილისში სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებზე, ასევე თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინის თანამესაკუთრეა. ელენე ხოშტარიამ 2017 წლის 16 მაისს “ევროპულ საქართველოს” 5000 ლარი შესწირა.  

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ქონება: ელისაშვილი თბილისში, ვეძინის 14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 143 კვ.მ (ს/კ 01.15.05.036.002) თანამესაკუთრეა მანანა მელიქიშვილთან და თამარ კილასონიძესთან ერთად.

 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გუგავას ქონება: საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გიორგი გუგავას საკუთრებაშია თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე მდებარე ბინა. მან 2012-14 წლებში “ლეიბორისტული პარტიის” სასარგებლოდ ჯამში 30 900 ლარის ოდენობით ხუთი ფულადი შემოწირულობა განახორციელა.

 „გიორგი ვაშაძე ‐ ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდატს გიორგი ვაშაძის ქონება:  გიორგი ვაშაძის მიერ 2016 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას, ავტოფარეხს და არასცხოვრებელ ფართს ქალაქ თბილისში. მას 2012-2015 წლებში სამჯერ აქვს ფულადი შემოწირულობა განხორციელებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, ჯამში 20 500 ლარის ოდენობით.

"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის თენგიზ შერგილაშვილის ქონება: საჯარო რეესტრის მონაცემებით, თენგიზ შერგელაშვილის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული. მან რესპუბლიკურ პარტიას 2015 წელს 100 ლარი შესწირა", - ნათქვამია ინფორმაციაში


კომენტარები

მსგავსი სიახლეები