1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მე მგონია, ადამიანს, რომელიც ბევრს ჩხუბობს, როდესღაც ძალიან ბევრი ოცნება ჰქონდა და ვერ აისრულა"

  როცა აგრესიულ, აფეთქებულ ადამიანს ვხედავ, მინდა, შევძლო - მივიდე და ჩავეხუტო (ზოგჯერ). იმიტომ რომ მგონია, ადამიანები საკუთარი უსუსურობის განცდის, შიშების და სისუსტის გამო ხდებიან აგრესიულები. ქვეცნობიერი სურვილია, დაგასწროს და შეგაშინოს, მანამ, სანამ შენ მიხვდები, რომ ის სუსტია.

ისიც მგონია, რომ ასეთ ადამიანებს მერე უდიდესი სინანულის გრძნობა აქვთ, იმიტომ რომ მათი ნება არაა ამხელა გამანადგურებელი ემოცია. ეს მათი დაუკმაყოფილებელი, აუხდენელი სურვილები გამოდის გარეთ, ისე რომ არ ეკითხებიან პატრონს და აფუჭებენ გარშემო შეკოწიწებულ კეთილგანწყობებს. 

საკუთარი უმწეობისადმი ბრაზი გადადის გარე ბრაზში. თითქოს ეს აგრესია ამბობს - თქვენი ბრალია, მე რომ ასე ვგრძნობ თავს, მე რომ სუსტი ვარ და არ მინდა, ეს დაინახოთ, ამიტომ მე თქვენ გაგიბრაზდებით, რომ გეგონოთ ძლიერი და არ დამჩაგროთ.

ადამიანი, რომელსაც აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, ცდილობს „შეგაშინოს“, დაგანახოს უპირატესობა, სანამ შენ მიხვდები, რომ შეგიძლია, შეაშინო. ხშირად გამიგია, აგრესიულ, ნევროტულ ადამიანზე უთქვამთ დამცინავად - ეს ნევროზიანი ...

 ჩემი აზრით, ნევროზი შინაგანი კონფლიქტია სურვილებსა და აკრძალვებს შორის, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ ან სხვები გვიწესებენ - „მეზობელი რას იტყვის“, „ამას მე როგორ გავაკეთებ, მე ხომ გოგო/ბიჭი ვარ“, „მე ისეთი ოჯახის შვილი ვარ, როგორ ვიკადრებ ... „ და ა.შ. მე მგონია, ადამიანს, რომელიც ბევრს ჩხუბობს, როდესღაც ძალიან ბევრი ოცნება ჰქონდა და ვერ აისრულა.

 ის ოცნებები არსად წასულა, სადღაც ცნობიერსა და არაცნობიერს შორის გაიჭედა და ახლა შფოთვის სახით გამოვლინდა.ამიტომ მიჩნდება ჩახუტების სურვილი. თანაგრძნობის და თანადგომის. მე მგონია, აგრესიით ადამიანი სასოწარკვეთილი ითხოვს დახმარებას.ჩავეხუტოთ. როცა ამის საშუალება და ძალა გვაქვს.


მარიამ ჯორბენაძე. 22 მარტი, 2018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები