2 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

სუპერლიგაში გადასული დელტა მარნეულში დაჯილდოვდა

სუპერლიგის საგზურის მფლობელმა მარნეულის „დელტამ“ სეზონის ბოლო მატჩი გამართა, რითაც „ა“ ლიგის გათამაშება დასრულდა. „დელტამ“ მარნეულში აუტსაიდერ სეუ-ს უმასპინძლა და 135:83 სძლია. ქვემოქართლურმა გუნდმა სუპერლიგის საგზური წინა ტურში გაინაღდა, დღეს კი, ტურნირის დასკვნითი მატჩის შემდეგ კალათბურთის ხელმძღვანელობისგან კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა.

მარნეულელებმა დამაჯერებლად განვლეს მთელი სეზონის და გამართული 15 მატჩიდან 12 მოიგეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის დასაკავებლად. ქვემოქართლურმა გუნდმა 2016-17 წლების სეზონის ბოლო შეხვედრაც შედეგიანად ჩაატარა. სეუ-ს, რომელსაც გუნდი ფაქტობრივად დაეშალა, მარნეულში 5 მოთამაშით ჩავიდა და სუპერლიგაში გადასულ გუნდთან დამარცხდა. 

მარნეულის გუნდს ამერიკელმა დეანდრე რეიმ ულიდერა, რომელმაც 39 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. რეი მთელი სეზონი სტაბილურად თამაშობდა და იანვარში გამართულ სუპერლიგის ოლ სტარში ჩატენვების კონკურსიც მოიგო. 18 ქულა დააგროვა საბა ლობჟანიძემ, 16 - ლევან ელიაძემ, ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზე კი 10 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. სეუ-ში 28 ქულით კახა გიორგაძე გამოირჩა. 20 ქულა მოაგროვა დავით მაისურაძემ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც მარნეულის „დელტას“ წევრებს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სპეციალური პრიზები გადასცეს. მოთამაშეები და გუნდის წევრები განსხვავებული დიზაინის მედალიონებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთლმა გივი ბიჭიაშვილმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს.

„დელტას“ კაპიტანს, ირაკლი ალხანაიძეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ სუპერლიგაში გადასვლის აღსანიშნავად საგანგებოდ დამზადებული პრიზი გადასცა. 

ასე და ამგვარად, „დელტა“ სუპერლიგაში გადავიდა და ვინ დაუკავებს მის ადგილს, მოგვიანებით გაირკვევა, როცა სუპერლიგის პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებენ და ბოლო ადგილოსანს გამოავლენენ. რაც შეეხებათ „ა“ ლიგაში დარჩენილ გუნდებს, მომავალ სეზონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს „თსუ-ჰიუნდაიმ“, „ტიტებმა“ და „არენამ“. „წყალტუბოს“ და სეუ-ს მომავალი სეზონის დაწყებამდე საკვალიფიკაციო ეტაპში მოუწევთ ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა. 

ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): „მარნეულის გუნდის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ კალათბურთი რეგიონებში ვითარდება და მიხარია, რომ სუპერლიგას კიდევ ერთი გუნდი შეემატება დედაქალაქის ფარგლებს გარედან“. 

ზვიად ანთაძე ("მარნეულის" მოთამაშე): პირველ რიგში მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას "ა" ლიგის დაარსებისთვის და სუპერლიგაში ადგილი მოპოვების შანსისთვის.  წელს ყველაზე დაძაბული  სეზონი იყო. ძალიან დიდი წინაღობის გადალახვა მოგვიხდა, მაგრამ ეს იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ერთადერთი მიზანი და შედეგსაც მივაღწიეთ. მსურს მადლობა გადავუხადო გუნდის წევრებს, მოთამაშეებს, ლეგიონერებს, ადგილობრივ თუ თბილისელ გულშემატკვრებს. იმედია, სუპერლიგაში კარგ შედეგს ვაჩვენებთ და კვლავ გავახარებთ ჩვენს ქომაგებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები