1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რომელ ქვეყანაში იწვევენ ნინო ჩხეიძეს ყველაზე ხშირად და რა მაქსიმალური თანხა აქვს გადახდილი მას ტანსაცმელში

ეთო ხურციძე ქალაქური სიმღერების დედოფალი ნინო ჩხეიძე უცხოეთში უფრო მოთხოვნადი მომღერალია, ვიდრე საქართველოში. ამის გამო მას თვეში რამდენჯერმე უწევს ქვეყნიდან გამგზავრება. თავისუფალი დროის გამონახვა ყველაზე მეტად უჭირს, ვინაიდან, უკვე სამი რადიოს მფლობელი და სხვადასხვა პროექტის დამფუძნებელია, როგორიცაა, მაგალითად, „საქართველოს ფანოღი”. მომღერლის ცხოვრებაში გამუდმებით სიახლეა, ის სულ მუშაობს თავის რეპერტუარზე და ახალ-ახალი ჰიტებითაც ანებივრებს მსმენელს.

ნინო ჩხეიძე: უკვე წლებია, ორი რადიო მაქვს, მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ – „დარდიმანდის” და, კიდევ, „აფხაზეთის ხმას” ვკურირებ. ორივე რადიო ძალიან წარმატებულია. ვმუშაობ „კომედი არხზეც” და გავაკეთე პროექტი „საქართველოს ფანოღი”, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული გამოდგა. ჩემს მეუღლესთან ერთად გამიჩნდა იდეა, რომ დამეფუძნებინა „კომედი რადიო,” რომელიც არ იყო საქრთველოს ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ „კომედი არხის” მსახიობებიც ძალიან პოპულარულები არიან თავიანთი სკეტჩებითა და სიმღერებით, ვიფიქრე, მათთან ერთად განმეხორციელებინა ეს იდეა. სიმართლე გითხრათ, სულ თავიდან, მინდოდა, „დარდიმანდში” გამეშვა ბიჭების სიმღერები და მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე. თანამშრომლობა შევთავაზე ვანო ჯავახიშვილს, ალეკო მალხაზიშვილსა და ოთო ლომთაძეს და ისინიც, რა თქმა უნდა, სიხარულით დამთანხმდნენ. უკვე, ერთი თვეა, რაც FM 99.3–ზე „კომედი რადიო” ფუნქციონირებს. ჯერ ძალიან პატარები ვართ, თუმცა, როგორც გავიგე, უკვე აქვთ სამარშრუტო ტაქსებში ჩართული და, თურმე, ხუმრობებიც აიტაცა მსმენელმა. 

– როგორია „საქართველოს ფანოღის” ჩაწერის პროცესი იუმორისტებთან ერთად და საიდან დაიბადა ამ პროექტის შექმნის იდეა?

– „ფანოღის” ჩაწერა აუტანელი პროცესია – ხან ერთი იტყვის რაღაც სასწაულს, ხან მეორე (იცინის). საერთოდ, ჩემი წარმატების საიდუმლოა: გული და სული ჩადე იმაში, რასაც აკეთებ და გიყვარდეს შენი საქმე. მსგავსი დევიზის მქონე ადამიანებს, როდესაც ერთ გუნდად არიან შეკრული, ყოველთვის, ყველაფერი კარგად გამოსდით. ასეთია „ფანოღის” ჩაწერაც. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ბიჭებთან – ვახო ბიჭიკაშვილის ბავშვის ნათლია ვარ, ანუ, მათთან როგორც მეგობრული, ასევე, ნათესაური კავშირიც მაქვს. როგორც იცით, „ახალ ხმაში” ერთ–ერთი მწვრთნელი ვიყავი და იქ სულ უკმარისობის განცდა მქონდა, ვინაიდან, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, ქართული სიმღერა ნაკლებად იყო. იმის გამო, რომ ფანდურთან ერთად სიმღერას ვერ ასრულებდნენ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი მიდიოდა. ამ ხალხს რომ ვუყურებდი, ჩემი თავი გამახსენდა, როდესაც მომღერლის კარიერას ვიწყებდი და უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა მომიწია. თავიდან არ მქონდა ამბიცია, ვყოფილიყავი მომღერალი, უბრალოდ, მინდოდა, ერთი სიმღერა ჩამეწერა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თითოეული ბარიერის დაძლევამ გამომზარდა და ჩამომაყალიბა მომღერლად. ქართულ ტელესივრცეს რომ გადავხედე, არცერთ მაუწყებლობას არ ჰქონდა პროექტი, სადაც შეეძლო ჩამოსულ თუ ადგილობრივ ადამიანს ემღერა, რაც უნდოდა, ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით. უნდა შექმნილიყო კონკურსი, რომელიც არც ფენომენალური თვალსაზრისით მიანიჭებდა ვინმეს უპირატესობას და არც სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილებდა ყურადღებას. უბრალოდ, მინდოდა მოსულიყო ადამიანი და გულით ემღერა. ყოველივე ამის შესახებ ვუთხარი ოთო ლომთაძეს, მან შესთავაზა „კომედი არხს” და გავაკეთეთ პირველი სეზონი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. ახლა დავიწყეთ მეორე სეზონი, რომელიც უფრო დახვეწილია და ბევრი სიახლითაა სავსე.  

– სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ სტატუსი, სადაც „ფანოღის” ჟანრთან დაკავშირებით „საქართველოს სვეტებს” მიმართავდით. ვინმემ გაგაბრაზათ?

– სპონტანურად დავწერე ეს სტატუსი, არავის გავუბრაზებივარ. იმდენად დაკავებული ვარ, სხვისთვის ნამდვილად არ მცალია. ბევრი გასვლითი კონცერტი მაქვს, ცალკე კიდევ – პროექტები და, გასაბრაზებლად დრო არ მრჩება (იცინის). უბრალოდ, ჩემი კოლეგა იქნება თუ სხვა, ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ამ ჟანრის მიმართ ქილიკურ დამოკიდებულებას იჩენენ. ასევე მაღიზიანებს, როდესაც გია სურამელაშვილს ეუბნებიან, თითქოს მისი სიმღერა არ აქვთ მოსმენილი, ვინაიდან ეს არის აბსურდი. გამორიცხულია, დღეს თბილისში ცხოვრობდეს ადამიანი და არ იცოდეს გიას სიმღერა. მიმაჩნია, რომ ამ ჟანრში გია სურამელაშვილი ძალიან წარმატებულია. ის რომ კონცერტებზე ხალხით დარბაზებს ავსებდა, მგონი, ამის ბედნიერება არცერთ მომღერალს არ ჰქონია. მეეჭვება, დღეს ვინმეს ჰყავდეს იმდენი გულშემატკივარი, რამდენიც მას ჰყავდა. ჩემთვის ეს მომღერალი შემდგარი პიროვნებაა თავის სფეროში, რადგან, აკეთებს პროდუქტს, რომელიც იყიდება და, არ შემიძლია, ავიტანო ეს დამცინავი მითქმა-მოთქმა. თუ ვცხოვრობთ საქართველოში, ყველამ უნდა ვიცოდეთ რა არის ფანოღი, დუდუკი და დოლი. 

– მგონი, პირველი მომღერალი ხართ საქართველოში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია საკუთარი ჰონორარით ცხოვრება.

– დიახ და მიხარია ეს. თან, ცოტა მერიდება, რომ ვთქვა, მაგრამ, ორი-სამი წელია, ჩემი შემოსავლით ვცხოვრობ. მიმაჩნია, რომ რასაც აკეთებ, ის კომერციულად გამართლებული უნდა იყოს.

– ძალიან ბევრი მოწვევა გაქვთ უცხოეთიდან. რა პირობებს თანხმდებით?

– ხშირად უნდათ ჩემი მიწვევა კორპორაციულ თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. 26 მაისს მთავაზობენ სოლო კონცერტის გამართვას ერთ-ერთი ქალაქის ფილარმონიაში. სხვათა შორის, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოდან არავინ დამკავშირებია და მერე ძალიან სწყინთ, რომ სხვა ქვეყანაში მიდიხარ. ამის გამო მოღალატედ გაცხადებენ და კიდევ ათას კუდს აბამენ. ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს, 26 მაისს ან თბილისობაზე საქარველოში მემღეროს. რაც შეეხება მოთხოვნებს, სოლო კონცერტს სხვა პირობები აქვს, კორპორაციულს – სხვა. მე მაქვს ჩემი რაიდერი, სადაც მიწერია მოთხოვნები; მასში ნაგულისხმებია ჩემი ერთსაათიანი პროგრამა და ასე შემდეგ. როცა ფილარმონიაში გეპატიჟებიან,  იქ არ გყავს სპონსორი, ანაზღაურება ბილეთებზეა დამოკიდებული, თუმცა, საიმიჯოდ, როგორც შემსრულებლისთვის, კარგია. კონცერტზე მოდიან ადამიანიები, რომლებიც კორპორაციულზე ვერ გიწვევენ, ამის საშუალება არ აქვთ და მონატრებულები არიან ქართულ სიმღერას. იცი, რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი ათი წელია, თავისი სამშობლოდან წასულია და იქ ისმენს მშობლიურ ენაზე სიმღერას?!

– ყველაზე ხშირად სად გიწვევენ და რომელი იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონცერტი? 

– ყველაზე ხშირად ისრაელიდან მიწვევენ. ძალიან ვუყვარვარ იქაურებს და მუდამ მაგრძნობინებენ ამ სითბოსა და სიყვარულს. სწორედ მათ გამო, არ შემიძლია, გავჩერდე და ახალ სიმღერებზე არ ვიმუშაო. მართლა, მაბედნიერებენ ეს ადამიანები და, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იქ მყოფ ქართველ ებრაელს. რაც შეეხება მაღალანაზღაურებად კონცერტს, ასე ვერ გეტყვით, რადგან, სულ სხვადასხვა ჰონორარს მიხდიან, თუმცა, მაქვს სტაბილური თანხა, რომელსაც ვიღებ – ეს საკმაოდ დიდი თანხაა. თვეში ორჯერ მაინც მივფრინავ ისრაელში. 

– ძალიან დაკავებული ხართ. როგორ ახერხებთ თვეში რამდენჯერმე უცხოეთში გამგზავრებას და, პარალელურად აქ რამდენიმე პროექტზე მუშაობას?

– გეთანხმები, ნამდვილად რთულია. მაგრამ, ჩემი საქმე რომ არ მქონდეს, ვერ გავძლებდი, ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. მართალია, ვიღლები და ხშირად ორგანიზმი მოდუნებულიც მაქვს, მაგრამ, იმდენად ვარ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე, გაჩერება არ შემიძლია. ყველაზე კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. მომწონს ეს თვისება რომ მაქვს, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.

– რამდენია მაქსიმალური თანხა, რაც სამოსში გადაგიხდიათ? 

– ყველაზე ძვირიან სამოსს ვერ დაგისახელებ, ფასს არ ვანიჭებ უპირატესობას. ზოგადად, სამოსი ჩემთვის არის პირადი განწყობის გამოვლინება. თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ მქონდა ძალიან ძვირად ღირებული ტანსაცმელი და უხერხულად მიგრძნია თავი, როდესაც ჩამიცვამს. ასევე, მიტარებია „ზარას” სამოსი და კომფორტულად ვყოფილვარ. რაც მაცვია, არის ჩემი ხასიათი – რასაც ვგრძნობ კონკრეტულ მომენტში აისახება იმაზე, თუ როგორ გამოვიყურები. ჩემთვის ის არის სამოსი დილით, რომ გავიღვიძებ და ვიცი, ვინ მინდა ვიყო; მაგალითად, თუ „დივას” ფორმაში მინდა, გამოვიყურებოდე, ქურქს მოვიცვამ. მოგატყუებ, რომ გითხრა, იმაზე ვარ ორიენტირებული, რაც შეიძლება ძვირიანი ვიყიდო-მეთქი. უფრო ვიძენ ბევრს და სხვადასხვანაირს. 

– რომელიმე ბრენდს თუ გამოარჩევთ?

– არა. „შანელი” მიყვარს, მაგრამ, არა ისე, რომ სხვა დიზაინერის სამოსი არ ჩავიცვა. მნიშვნელობა არ აქვს დიზაინერს, გააჩნია კოლექციასა და წელს. მაგალითად, არის პერიოდი, როდესაც „დოლჩე გაბანა” მომწონს. კონკრეტულად, რომელიმე ბრენდის ფანატი ნამდვილად არ ვარ. ძალიან მომწონს „შანელის” ჩანთები – მიმაჩნია, რომ კლასიკაა და ქალს არასდროს არ მობეზრდება, რადგან მისი მოდა არ იცვლება; ასევე, მომწონს იმავე ბრენდის ფეხსაცმელები.

– მოდის კვირეულებზე ხშირად დადიხართ?

– სიმართლე გითხრათ, თბილისში ბოლო ორი წელია, საერთოდ არ დავუპატიჟებივარ არავის, გარდა დათუნა სულიკაშვილისა. პარიზში დავდიოდი ადრე, ვიყავი „შანელისა” და სხვა დიზაინერების ჩვენებებზე.

– ამოჩემებული ტანსაცმელი თუ გაქვთ?

– არა, რადგან, არ მიყვარს ერთფეროვნება. შეიძლება, ერთი და იგივე მაისური ჩავიცვა ორჯერ, მაგრამ, რაღაც სამკაული მივუმატო, რომელიც ჩემს განწყობას გამოხატავს.

– თუ გაქვთ სამკაული, რომელსაც სულ ატარებთ?

– არა. ადრე ვატარებდი დიდ ბეჭდებსა და საყურეებს, მაგრამ ახლა აღარ მომწონს, გადაჩვევა სცოდნია სამკაულს. თუმცა, მაქვს ერთი ბეჭედი, რომელსაც სულ ვიკეთებ და უკვე ათი წელია, ვატარებ – ამ ბეჭდით ჩავანაცვლე „კალიცო”. დილა რომ გათენდება, მაშინვე ვიკეთებ – ასე მგონია, ავი თვალისგან მიცავს (იცინის).

– თვალის აღების გჯერათ?

– ვერ გეტყვი, რომ არ მჯერა, მაგრამ, მსგავს რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას. ნამდვილად არსებობს ასეთი რაღაცეები, მაგრამ, ნებისმიერი თვალი და უარყოფითი ენერგია შეიძლება დაამარცხო პოზიტივით, შენი საქმითა და ღიმილით. მჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას (იცინის).

– აღდგომას ოჯახში ხვდებით? წმინდა მიწაზე თუ შეხვედრიხართ ამ დღესასწაულს?

– ძალიან მიყვარს ტრადიციები და ყოველთვის ისე ვაკეთებ ყველაფერს, როგორც კონკრეტული დღესასწაული მოითხოვს. სააღდგომოდ თავად ვღებავ ხოლმე კვერცხებსაც. პასქა არასდროს გამოიცხვია. პატარა რომ ვიყავი და ბებიას ვუყურებდი, როგორ ამზადებდა, მაშინ მივხვდი, რომ ძალიან რთული საქმე იყო. წელს მინდა, ხაჭოს პასქის გამოცხობას შევეჭიდო – ძალიან მიყვარს. აღდგომას ეკლესიაში მივდივარ და სანთელს ვანთებ, თუმცა, წირვას ბოლომდე ვერ ვესწრები. ორშაბათს გავდივართ სასაფლაოზე. არასდროს შევხვედრივარ აღდგომას წმინდა მიწაზე. ძალიან მინდოდა წასვლა და ვერ მოვახერხე, თუმცა, იერუსალიმში მქონდა კორპორაციული საღამოები და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები