1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კოტე თოლორდავას უკანასკნელი ინტერვიუ ჟურნალ თბილისელებთან": როგორ შეცვალა პატარა, წითურმა, „ბანტებიანმა“ გოგონამ კოტე თოლორდავას ცხოვრება

კოტე თოლორდავა: საერთოდ არ ვაპირებდი მსახიობობას. ჩემს მეგობარს გავყევი თეატრალურში, ქორეოგრაფიის კონსულტაციებზე. ვისხედით ყველა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვიყავი და ურთიერთობა არასდროს მიჭირდა, მეც გამომიძახეს და გავედი. დამავალეს რაღაცეების ცეკვა. მე ასე არ ვცეკვავ-მეთქი და დავიწყე მაიმუნობა. ნიჭიერი ბიჭიაო, – მერე უთქვამს პედაგოგს ჩემი მეგობრისთვის და, ამან მიბიძგა, თეატრალურში ჩამებარებინა, თორემ, გერმანიაში ვსწავლობდი, მერე ჩამოვედი და ვემზადებოდი, რომ ბიზნეს ადმინსტრირებაზე ჩამებარებინა „გეპეიში”. როგორ იყო, იცი? ჯერ თეატრალურის  გამოცდები იწყებოდა, მერე – „გეპეის”. ვფიქრობდი, თუ ჩავიჭრები, მაგის დედაც, „გეპეიში” წავალ-მეთქი, ანუ, ის მომენტი არ მქონდა, გინდა თუ არა, თეატრალურზე ჩამებარებინა. ალბათ, სირცხვილია ამის აღიარება, მაგრამ, ცოტა ზედაპირულად  ვუყურებდი ამ ყველაფერს, უფრო გართობის მიზნით. ორი ჯგუფი უნდა აეყვანათ დავით კობახიძესა და გია ანთაძეს. მე მოვხვდი კობახიძის ჯგუფში, რომელმაც მითხრა: ხმა შენ არ გივარგა, სმენა შენ არ გაქვს, ლექსს მერვე კლასელი ბავშვივით კითხულობ, მეტყველება საერთოდ არ გაქვს, გარეგნობაც რაღაცნაირი გაქვს და, საერთოდ, რა გინდა აქო. კინაღამ მოვკვდი. ამის მერე მთხოვა, ეტიუდი გააკეთეო. ეს, ალბათ, რაღაც ფსიქოლოგიური ტესტი იყო, არ ვიცი. ეტიუდი იყო ასეთი: სამი სხვადასხვანაირი შინაარსის წერილი უნდა დამეწერა. სამივე წერილი ერთნაირი იყო და სამივეში საშინელი ლანძღვა იყო. გამწარებული ვიჯექი და ვწერდი ამ წერილებს.               

– „ჩემი ცოლის დაქალები” არის სერიალი, რომელმაც შეცვალა შენი ცხოვრება, ვგულისხმობ იმას, რომ შეგიქმნა „ძველი ბიჭის” იმიჯი. რეალურად თუ გქონია ისეთი მომენტები, რაც შენს გმირს, დიტოს ჰქონდა – ქუჩა, ამბები?                                                                        

– ქუჩაში ვიდექი, ზოგჯერ ვიწექი კიდეც (იცინის). ზოგადად, ისეთ პერიოდს დაემთხვა ჩემი კაცად და პიროვნებად ჩამოყალიბება, როდესაც ეს ყველაფერი ძალიან აქტიურად ხდებოდა ჩვენს ქალაქში – იარაღიანი ბიჭები, ქუჩური გარჩევები… არ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა – ცოტა რომანტიკაც იყო ამაში, ცოტა მიმბაძველობაც. ახლა რომ მახსენდება, ვიღაც ტიპებს ვბაძავდი ლაპარაკით, საქციელით, მანერით – მეგონა, რომ ეს სწორია, კარგია და მთელი აკადემიაა, რომ ამასაც  თავისი ხიბლი აქვს. იმ გამოცდილებამ მე დღეს ბევრი რამ შემმატა და ბევრ რაღაცაში დამეხმარა, თუნდაც, დიტოს როლის გაკეთებაში – დიტოს გმირი იყო მთელი ამ ქუჩაში ნანახისა და სტერეოტიპების ასლი და ეს ნამდვილად დამეხმარა, მაგრამ, ჩემს შვილს, მაგალითად, მაგ მიმართულებით არ გავუშვებ და არც ჩემს ოჯახს უნდოდა, მაგ გზით წავსულიყავი.   

– აღარ გიზიდავს და მოგწონს?      

– როგორ არ მომწონს, ისიც ჩემი ცხოვრების  ნაწილია, უბრალოდ, გამოვედი იმ ასაკიდან და დღეს ვარ მსახიობი, რომელსაც ფანატიკურად უყვარს თავისი საქმე და მთლიანად ამ საქმეშია ჩართული. ყოველთვის დავდგები მათ გვერდით, ყოველთვის მოვეფერები.  ვგიჟდები ყველაზე, ყველა ჩემი უბნელი მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ადრე მტერი იყო თუ რა იყო. მთაწმინდაზე გავიზარდე, პირველი ჩხუბის დროს საერთოდ მთელი გასროლები და დიდი ამბები იყო, რა არ გვიქნია ერთმანეთისთვის... ამის გამო მშობლებმა გერმანიაში გამგზავნეს ორი წლით – გამარიდეს აქაურობას.   

– ამიტომ, ბიჭის მშობლები ყოველთვის უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე გოგოსი. იღებდი მათ რჩევა-დარიგებებს? ალბათ, რაღაცას ითვალისწინებდი, რაღაცას – არა. 

– მამაჩემი გემის კაპიტანი იყო და სულ ზღვაში იყო. დედა რაინდი მყავდა მაგ მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა, ჩემი ყოველი ნაბიჯი იცოდა.   როგორ ახერხებდა ამას, არ ვიცი, მაგრამ, გამოსდიოდა. „სტრელკაზეც” მიშვებდა, იქაც მიშვებდა, აქაც მიშვებდა… თან, უკან დამყვებოდა და მამოწმებდა.  

– გავიდა დრო და თვითონ გახდი მშობელი...   

– მამა რომ გავხდი, 21 წლის ვიყავი. მიმაჩნია, რომ პატარა ვიყავი, რადგან, ასეთ ასაკში ბიჭები ძალიან ბავშური ტიპები არიან. დავარქვი მამაჩემის სახელი. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების დროს, მამაჩემი ჩემ გვედრით არ მდგარა, სულ ზღვაში იყო. ეტყობა, იგრძნო და გემიდან დაგვირეკა. ბორის კონსტანტინოვიჩ, გილოცავ ბორის კონსტანტინეს ძის დაბადებას-მეთქი, რომ ვუთხარი, ბედნიერებისგან ცუდად გახდა კაცი.  

– მინდა, შენი ცხოვრების ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი პერიოდი გაიხსენო,  კარგი იქნება, თუ შენ თვითონ ეტყვი ახალგაზრდებს, რატომ არ უნდა გინდოდეს ცხოვრებაში მსგავსი რაღაცეების გაკეთება.     

– ეგეც იყო, რა, იმ ქუჩაში და, მაგანაც ცუდი როლი ითამაშა. ახლა რა მომწონს, იცი? – სირცხვილი რომ გახდა. ჩვენს დროს სირცხვილი კი არა, „პონტი” იყო. რავი, შეიძლება, მევასებოდა, მაგის დედაც… 

– გავლენა რამ იქონია, გახსოვს?  

– ვერავის დავაბრალებ, არ ვიცი, რატომ დაიწყო. ისე მოხდა, რომ გავსინჯე; მერე კიდევ გავსინჯე და… არაფერზე არ უნდა იყო კაცი დამოკიდებული, ნარკოტიკი კი ერთ-ერთი ის ფორმაა, რაზეც ძალიან ხდები დამოკიდებული. მარაზმია ეს ყველაფერი. დამოკიდებული ხდები და მიმართავ, მაგრამ, არ ვიცი, თავიდან რატომ მივმართე, ალბათ, პროსტა, მაინტერესებდა, რა! ვიყურებოდი ირგვლივ, ყველა „ამაღლებულ ტალღაზე” იყო, მეც დამაინტერესა და, აი, მანდ მივქარე. 

– პირველად რომ გასინჯე რა შეგრძნება დაგეუფლა?

– პირველი ის იყო, რომ, მახსოვს, მოვკვდი რწყევით. ეს მართლა ისეთი ცუდი პერიოდია ჩემი ცხოვრების, საერთოდ არ მინდა გახსენება. 

– ზოგადად ძალიან აქტუალური თემაა ყველასთვის და, ამიტომ, კიდევ გკითხავ: ეს იყო შემთხვევა, რომელსაც გინდოდა, გაჰქცეოდი და არ გამოგდიოდა თუ რა ხდებოდა?               

– მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი კი არა, არ მინდოდა გამოსვლა. „ვერ” – არ არსებობს. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი მეგობრები ისე დამიდგნენ გვერდში, სიტყვით ვერ გადმოვცემ: მეჩხუბებოდნენ, მიტრაკებდნენ... იდეაში, „ყოფილი” ნარკომანი არ არსებობს, უბრალოდ, ხარ ფხიზლად და, როდესაც ხარ ფხიზლად და იცი, რაც გამოიარე, შენ იქ საღად  მოაზროვნე აღარასოდეს დაბრუნდები. ჩემს შემთხვევაში ბევრი წელია გასული – მერვე წელია, რაც მე და განო ერთად ვართ და, აი, ეს პერიოდი, არანაირი შეხება არ მქონია. რაც არ უნდა ვიძახო, ეპოქა იყო ასეთი-მეთქი, ეს არის უბედურება. მე ხომ შევყავი ამ ეპოქაში ცხვირი, თუმცა, შემეძლო, რომ ასე არ ყოფილიყო. ბევრმა გამოიარა ის წლები, მაგრამ, მაგ გზას არ დაადგა, მე კი რატომღაც, დავადექი, იმიტომ რომ, დეგენერატი ვარ ალბათ, არ ვიცი... ამ გადასახედიდან კი არა, ნებისმიერი გადასახედიდან ეს არის უბედურება! როდესაც ადამიანი რაღაცაზე ხდება დამოკიდებული – კაზინოზე, სასმელზე, ნარკოტიკზე – ყველაფერ იმაზე, რაც ეშმაკთან ასოცირდება და არაჯანსაღია, არის დამღუპველი. სხვათა შორის, ქაშუეთში სიარულმაც მიშველა. ყოველთვის დავდიოდი ეკლესიაში, მაგრამ, აი, მაგ პერიოდში განსაკუთრებულად გავაქტიურდი.

– შენს ცხოვრებაში არსებობს ქალი, რომელმაც ასევე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ შენ დღეს ხარ ისეთი, როგორიც ხარ – ეს არის განო, შენი მეუღლე. 

–  განო არის მაგარი ვინმე, ეს ისეთი გოგო მყავს, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამხდარი, თეთრი, ფითქინა, ნაზი, საყვარელი, სათნო, ერთგული და მეგობრული გოგოა, არ იცი, როგორი ძლიერია – რკინა-ბეტონი, რელსი-შპალები...  რომ ჩამიბა თავის „პრიცეპში” და ამოქოქა?!. შეიძლება, მეც მქონდა იმის სურვილი, რომ მის გამო ყველაფერი შემეცვალა. უბედნიერესი ვარ, რომ ეს გოგო გაიჩითა ჩემს ცხოვრებაში, ღმერთს ვწირავ უდიდეს მადლობას. ყველაზე მაგარი რა არის, იცი? ბედისწერამ როგორ შეგვახვედრა ერთმანეთს  

– მოგვიყევი, პირადად მე არ ვიცი.     

– წლების წინ მე და ჩემი მეგობრები მოვყევით როგორ ავარიაში, იცი? გახსენებაც კი მზარავს: ერთი გოგო მოსწონდა ჩემს ძმაკაცს, დავსვით ჩემს მანქანაზე საჭესთან და 160-ით შევასკდით ხეს. თავში მქონდა ჰემატომა – მე წინ ვიჯექი, ქამარი არ მეკეთა და თავით გავიტანე შუშა. როგორი ვიყავი, იცი? ჩემები რომ მოდიოდნენ, თურმე, ვერავის ვცნობდი, ერთი წელი ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები ჩეხოვის „თოლიაა“. ჩემი საოცნებო როლი იყო, მუშაობას ვიწყებდით და,  უცებ – ეს ავარია. ეს  მოხდა ბარნოვზე. როცა ჩვენ იქ, ბარნოვზე  ვეყარეთ, გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ვიღაც წევერებიანი კაცი, რომელიც „სასწრაფოს” ეხმარებოდა, რომ ჩვენი „გვამები“ ჩაედოთ მანქანაში, ამ კაცის მანქანაში იჯდა 9 წლის გოგონა, დიდი წითელი თმითა და ბაფთებით და ეს გოგონა იყო განო. ერთ მშვენიერ დღეს, დრო რომ გავიდა და განოს შევხვდი, განო მიყვება ისტორიას ავარიაზე. ვუსმენ, ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩემს ისტორიას ყვება და  გამოვშტერდი. აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩვენი ამბავი წინდაწინ იყო დაწერილი. დამენგრა ის სტერეოტიპები, რაც აქამდე მქონდა; ის წარმოდგენა, რომ თითქოს რაღაც ოცნება იყო მიუწვდომელი და, უცებ, ეს ოცნება აგერ, წინ გიდგას და, გინდა, რომ ხელი ჩაჰკიდო. როგორც ახლა ვარ გატაცებული, დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება ასე ვიქნები მისით გატაცებული და, მინდა, რომ მთელი ცხოვრება ამ ადამიანს მივუძღვნა. არაფრის შეცვლა აღარ მინდა. როგორც ახლა ვარ ბედნიერი, მინდა, რომ ეს იყოს ხელშეუხებელი, ძალიან წმინდა; ამიტომ მეშინია, რამე რომ შევცვალო, ესეც არ შემეცვალოს, პირადი – მაშინ, უბრალოდ, მოვკვდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები