1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პანკისში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაემგზავრნენ

ჩამოტვირთვა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ექსპერტები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაემგზავრნენ. ექსპერტები ასევე, შეისწავლიან თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახს.

რუსლან ალდამოვის და თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება დღევანდელი ექსპერტიზა მაჩალიკაშვილების ოჯახში.

„ბრალდების მხრიდან მოხდება ექსპერტიზის ჩატარება, უშუალოდ ადგილის დათვალიერება, რომელსაც დაესწრება ჩვენი ადვოკატი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ სწორედ ისეთ პოზიციაში ნივთებს, ოთახს არ ვერევით, რომ სახეცვლილება არ მოხდეს. ხდება შენარჩუნება, თუმცა, რაც დრო გადის, უფრო რთულდება, სადღესასწაულო დღეებმა ძალიან შეგვიშალა ხელი ამ კუთხით,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ბრალი არ წარდგენია.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ჯგუფთან რაიმე კავშირს დაადასტურებს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ისინი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები