2 2 : 1 3
 | 

პოლიტიკა

,,ზემო და ქვემო სვანეთის სოფლებში მინი საბაგირო გზები დამონტაჟდა"

ჩამოტვირთვა

„დავიწყეთ სოფლებში „მინი“ საბაგირო გზების დამონტაჟება. ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ აღმოაჩინა „მინი“ საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრის სიგრძის. ჩვენ სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი - უშგულში, უშხვანარში, მაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში უკვე დავამონტაჟეთ საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა. მისივე განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.

„მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში, ასევე, ვაპირებთ სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებას. ასევე, ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ადგილობრივი ინვესტორების იმ მცირე შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ, რაც მათ გააჩნიათ და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაეხმარება ამ მიმართულების განვითარებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის ის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები