1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეკონომიკური სირთულეებისას, ჩვენი დედები, დები და ძმები, გადარჩენის შესაძლებლობას საბერძნეთში პოულობდნენ"

საბერძნეთში, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. 
შეხვედრას, ქართველი და ბერძენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ: საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საბერძნეთში მოღვაწე ქართველები და დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ, გეოპოლიტიკურ პარტნიორობას და მადლობა გადაუხადა ბერძენ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოში რთული ეკონომიკური ვითარების დროს საქართველოს მოქალაქეებმა საბერძნეთში მიიღეს.

“განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს საბერძნეთი და ბერძნები და, მაშინ, როდესაც ასეთი სიყვარული აგრეთვე მხარდაჭერილია იმ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის და ერთიანი პოლიტიკური პროცესის ემოციებით, ეს კიდევ უფრო მეტს და უფრო სასიამოვნოს ხდის ჩვენს აქ ყოფნას. 

მიხარია, რომ აკადემიურ საზოგადოებასთან - ჩვენს მეგობარ ბერძნებთან ვარ და მათთან ერთად ვზეიმობ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს - ჩვენს ქვეყანაში უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. 

აქვე, ბუნებრივი იქნებოდა, ბერძნული საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა, რომ, პირველივე ფაკულტეტი, რომლის ირგვლივაც დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო სწორედ კლასიკური ბერძნული ფილოლოგიის კათედრა.

ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომ იყოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არის სრულ თანხმობაში ჩვენს ისტორიულ წარსულთან, იმასთან, რაც ჩვენმა წინაპრებმა განსაზღვრეს, როგორც საფუძველი და სახე ჩვენი ერისა. 

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად დაატყდა 90 -იან წლებში, ჩვენს თაობას, რომელსაც ძალიან რთული ეკონომიკური პროცესების გავლა მოუხდა, არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დედები, დები, ძმები იმ ეკონომიკურ სირთულეებში პოულობდნენ თავის გადარჩენის შესაძლებლობას და ამავე დროს ჩვენი დახმარების შესაძლებლობას, ვინც ქვეყანაში ვრჩებოდით.

სწორედ. საბერძნეთისნაირ ქვეყანაში და ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით იმისთვის, რაც ამ თვალსაზრისით საბერძნეთმა გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პიროვნული ტკივილი და ტრაგედიაა იმ ადამიანებში, ვინც მაშინ საქართველო შემოსავლის საშოვნად დატოვა,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დიასპორის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, უფრო მეტად დაფასდნენ ღვაწლმოსილი ემიგრანტები და ასევე გაგრძელდეს ის საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით საბერძნეთში განხორციელდა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ დიასპორებმა და ემიგრაციაში წასულმა პირებმა ზიდეს უმძიმესი ტვირთი და რთულ ვითარებაში გადაარჩინეს ოჯახები საქართველოში. 

საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ასევე დაინტერესდნენ ორმაგი მოქალაქეობის საკითხით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე სახელმწიფოში პრობლემები არ იქმნება და მარტიდან პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ქართული დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გახსნილი ორი გამოფენა დაათვალიერეს. უნივერსიტეტში გამოიფინა საარქივო მასალა და წიგნები, რომელიც ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს ასახავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები