0 6 : 5 3
 | 

პოლიტიკა

4 მილიონი პირს, რომელმაც რუსეთის ჯაშუშობა აღიარა - სკანდალურ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

საქმე ეხება ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანიებს, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

დევრიშაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო გასამართლებული.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ.

"გარკვეულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს. შპს“მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ, ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს. სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა არის ფარული. გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს. ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი. კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „მარგიოს“ არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უწყების მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში, ვინაიდან ამ ტიპის შესყიდვების განსახორციელებლად, სახელმწიფო საიდუმლოების მაქსიმალურად დაცვის და უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანია უნდა ფლობდეს საიდუმლო დაშვების ნებართვას, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, რაც შპს „მარგიოს“ არ გააჩნია და შესაბამისად ის ასეთი ტიპის შესყიდვებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ შპს „მარგიო“ ახდენს შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიისგან მოხდა მხოლოდ ერთი კომპიუტერის ვიდეობარათის შესყიდვა, ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება იყო 3200 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება.

აქვე მოგახსენებთ, საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებულ მეორე კომპანია შპს „გლობალ თრეიდ გუპის“ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში მონაწილეობაზეც. აღსანიშნავია, რომ შპს „გლობალ თრეიდ გუპს“ ერთადერთი მიწოდება აქვს განხორციელებული 2017 წლის ნოემბერში, რომელიც 14.981 ლარის ღირებულების, სამედიცინო დანიშნულების ნემსების შეძენას ეხება.

უწყება ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ასევე განუხრელად დაიცავს მის მოთხოვნებს." ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები