0 8 : 3 5
 | 

პოლიტიკა

,,რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატოს ახალი გაფართოება უნდა იყოს" - გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე

" საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატოს ახალი გაფართოება უნდა იყოს"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე.

ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო- საქართველო- უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც დღემდე საქართველომ მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატოსკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო.

"დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება წევრობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად, რეგიონის მნიშვნელობაზე ევროატლანტიკურ უსაფრთხოების, ის თუ რა შესაძლებლობებს ხსნის საქართველო თანამშრომლობისათვის და რატომ არის საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანი ნატოსათვის.

გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რადგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხისგაუცემლობის შედეგია, რომ დღეს მივიღეთ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ. ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატოს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა. დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისათვის. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის. 

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც გენერალურმა მდივანმა ისე ოცდაცხრა ქვეყნის ლიდერმა ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველო არის ღირსეული, მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ყველამ ერთხმად დააფიქსირა ის პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ და აღინიშნა, რომ ის არის შთამბეჭდავი და სამაგალითო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის.

"ამავდროულად მადლობა გადაგვიხადეს იმ მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. რამდენიმე ქვეყანამ სესიაზე მოითხოვა დაუყოვნებლივ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება. საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის და რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე და საქართველო მზად არის ამ დიალოგისათვის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები