0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც"

ჩამოტვირთვა

მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც მთავრობა დგამს, რათა საქართველომ მიაღწიოს ისტორიულ მიზანს - ევროპული ოჯახის, ევროკავშირის წევრობას, სადაც მისი ადგილია და ასევე - გაძლიერდეს თანამშრომლობა ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 

“ვიზიტი ძალიან კარგად და წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ იმ ახალი დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში დავამკვიდრეთ. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვახორციელებთ რეფორმებს ეკონომიკაში, განათლების სექტორში. მე ძალიან ღია დიალოგი მაქვს და ჩვენს ყველა მოქალაქეს ვეუბნები, რომ თუ არ მოვახდინეთ განათლების სექტორის ძირეული ცვლილება, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში ვერ შევიყვანთ. რეფორმა იქნება ძალიან სენსიტიური და გარკვეულწილად მტკივნეულიც, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. იგივე ეხება რეფორმებს ეკონომიკაში. ქვეყანაში დღემდე არსებული ეკონომიკური მოდელი არ პასუხობდა გამოწვევებს, იყო გარკვეულწილად უსამართლოც და შესაბამისად, თამაშის ახალ წესებს ვამკვიდრებთ ეკონომიკაში. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა გვაქვს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური რეფორმათა პაკეტი, რათა საქართველო გახდეს რეგიონული ლიდერი და ჰაბი ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. პრემიერის თქმით, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერიც, რომელიც ხელისუფლებას ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კომუნიკაციას ავალდებულებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე სწორი გზავნილია იმისთვის, რომ მთავრობამ დიასპორის წარმომადგენლებთან უნიკალური კომუნიკაციის საშუალებები შექმნას. 

“ჩვენი მთავარი სიმდიდრე ადამიანები არიან. ყველა ქართველი არის ჩვენი სამშობლოს აქტივი და ჩვენ გვმართებს, მოვახდინოთ ყველას ძალისხმევის კონსოლიდაცია. სხვაგვარად, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ქვეყანაში გვაქვს. თქვენ პატრიოტულ საქმეს აკეთებთ და მინდა, გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, - მიმართა პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს. 

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების საქმიანობას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე მათ გამორჩეულ როლს ყველა აღნიშნავს. 

“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენ ჩვენს საქმეს ვაფასებთ, მას ყველაზე მაღალ დონეზე, მაღალი პროფესიონალიზმით ვაკეთებთ, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, მივესალმო ჩვენს სტუდენტებს და ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანის კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რასაც მე საერთო ადამიანურ კაპიტალს ვუწოდებ, იქნება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიყავი თქვენს ადგილზე და ვიცი ეს განცდა, ეს ემოცია და ჩემს თავს პირველ ამოცანად ამას ვუსვამ - შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, საქართველო იქნება წარმატებული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამშობლოს გვერდით დგომისთვის, ხოლო აშშ-ს დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

“ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი თქვენგანისთვის გახდა მეორე სამშობლო, მოგცათ საშუალება, მოგეხდინათ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია. დღეს ჩვენი ამოცანაა, თქვენი კარიერული პოტენციალის რეალიზაცია მოვახდინოთ უკვე საქართველოში და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მადლობას გიხდით, რომ გიყვართ საქართველო და ყველაფერს აკეთებთ, რათა საქართველო ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი ვიზიტი საფუძველს დაუდებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრულიად ახალ დონეზე აყვანას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები