1 6 : 3 3
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფოს ბრიგადების ყველა წევრს გადაეცემა ფულადი ჯილდო

მერიის სახელით 20-21 ივნისს აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფოს ბრიგადების ყველა წევრს გადაეცემა მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად არაერთი ჩვენი მოქალაქის პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მოხდა მათი გადაყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თითოეულ წევრის მიმართ მინდა ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, ისინი როგორც გითხარით 24 საათის განმავლობაში თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავდნენ, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის, მერიის სახელით 20-21 ივნისს აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს გადაეცემათ მადლობის სიგელები და ასევე, ფულადი ჯილდო. გულწრფელი მადლობა მართლაც ამ ადამიანებს. ასევე, ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ყველა ადამიანს, ვინც ზოგადად დაშავდა ამ მოვლენების გამო, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის მათი მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მედიას და ჟურნალისტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები