0 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კაბინეტში ძალიან ახლო მანძილზე მომიახლოვდა, მითხრა, შემიძლია ლიფტში გაგაუპატიუროო"- "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ შევუწროებაში ადანაშაულებენ

"ქართული ოცნების" დეპუტატს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ნინოწმინდის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი აცხადებს, რომ ენზელ მკოიანი მასთან დაახლოებას სხვადასხვა გზით ცდილობდა. ჯერ მეგობრის მეშვეობით შეუთვალა, შემდეგ პირადად დაურეკა, შეხვედრა სთხოვა, პირდებოდა ახალ მანქანას, საფრანგეთის ფეშენებელურ სასტუმროში დასვენებას, ბინის გარემონტებას, თუმცა უარი მიიღო. ბოლოს კაბინეტში დაიბარა, მორიგი უარის შემდეგ კი ღია მუქარაზე გადავიდა და ნარინე გინოსიანს გაუპატიურებით დაემუქრა.

„ამ ინცინდენტის გახსენებაც კი მიჭირს. კაბინეტში ძალიან ახლო მანძილზე მომიახლოვდა, მზად ვიყავი ასეთი მომენტისთვის და მაშინვე სკამიდან წამოვხტი. მითხრა, შემიძლია ლიფტში გაგაუპატიუროო. შემიძლია კაბინეტის კარი გადავკეტოდა რასაც მოვისურვებ, იმას ვიზამო. ვუთხარი, საკმარისად ძლიერი ვარ და ვერ მომერევით-თქო. ფიზიკურად დავიცავ თავს-თქო. ამაზე გაბრაზდა და მითხრა, არ შეგარჩენო, გაგანადგურებ, როგორც ადამიანს და იძულებული გახდები, აქედან გაქრეო. მითხრა, სამსახურიდან გაგაგდებო,“ - აცხადებს ნარინე გინოსიანი.

ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ მუქარა ენზელ მკოიანმა ამ ინციდენტიდან მალევე აღასრულა. აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის გავლენების გამო მას საქმიანობაშიც შეექმნა პრობლემები და პირად ურთიერთობებშიც.

ნარინე გინოსიანის ბრალდებებს ენზელ მკონიანი ღიმილით შეხვდა. "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინოწმინდის ბაგა-ბაღის დირექტორის სიტყვებს მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა ბინძური კამპანია საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით წამოიწყო.

ნინოწმინდის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს პროკურატურა ფულადი სახსრების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ ენზელ მკოიანის მუქარის შემდეგ მის ბაღში ჯერ აუდიტი, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების წარმომადგენლებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ იმისთვის, რომ ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი პასუხისგებაში მიეცათ. ნარინე გინოსიანს და ანჟელიკა ფუტულიანს 9 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან.

წარდგენილ ბრალდებებზე პასუხის გაცემა ნარინე გინოსიანს სასამართლოს წინაშე მოუწევს. წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები