1 2 : 5 2
 | 

პოლიტიკა

,,სახლში არავინ წაიღებდა ფულს" - კალაძე სამივლინებო ხარჯების გაზრდაზე

მამუკა ბახტაძე ძვირადღირებული სასტუმროებით და სამივლინებო ხარჯებით ყველა მისი წინამორბედის რეკორდს ხსნის - პრემიერის ადმინისტრაციამ უცხოეთში ვიზიტებზე 6 თვეში 2 მილიონ 300 ათასი დახარჯა და აქამდე არსებულ მაჩვენებლებს 200 პროცენტით გადააჭარბა. შარშან პირველ ექვს თვეში მთავრობას მივლინებებისთვის მხოლოდ 858 ათასი ლარი დასჭირდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ყველა საბიუჯეტო უწყებაში ორი მილიონი ლარით არის გაზრდილი სამივლინებო ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მოგზაურობენ უფრო მეტს, ჯავშნიან უფრო ძვირად ღირებულ სასტუმროებს და უპირატესობას ანიჭებენ ძვირიან ავიაბილეთებს.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ მან არ იცის ცენტრალურ ხელისუფლებაში, ვინ, რა სამუშაო ვიზიტებში დადის ან რა ხარჯები აქვთ. თუმცა კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ფულს სახლში არავინ წაიღებდა.

“ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ, რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე. ალბათ, მივლინებები იყო უფრო მეტი, აბა, სახლში არავინ წაიღებდა,“ -ამბობს კალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გაეცნობიან აუდიტის დასკვნებს და კითხვების გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მოისმენენ კონკრეტული პირებისგან განმარტებებს.  

„ქართული ოცნების“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მთავრობა და საპარლამენტო გუნდი სამუშაო ვიზიტებში უნდა დადიოდნენ და იზოლაციაში ვერავინ მოექცევა.

„ვერ მოვახდენთ იზოლაციას, ვერ ჩავიკეტებით სახლში, როცა სამუშაოა სახლის გარეთაც,“-აცხადებს ხუნდაძე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები