0 9 : 1 6
 | 

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მივმართავთ რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

ჩამოტვირთვა

მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

„11 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული შეჭრიდან. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა და 190 000-მდე მოქალაქეს იძულებით გადაადგილება მოუწია. მრავალი მათგანისთვის კონფლიქტის გავლენა გრძელდება. საარსებო წყაროები აღარ არსებობს, ოჯახები ერთმანეთს დაცილებულია, არ აღდგენილა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ დაბრუნებიათ უძრავი ქონება.

გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელში დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი დასრულდება, სოფელი მოწყდება საირიგაციო სისტემას. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და სტაბილურობას. როგორც დღევანდელმა ქმედებებმა აჩვენა, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის მშვიდობისა და საკუთრების უფლებას, რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია არის გაერო-ს წესდების პრინციპების, ჰელსინკის აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევა“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

მისივე თქმით, აშშ-ი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარება.

„ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.

ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს უსაფრთხოდ, ღირსეულად.

და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს“, – აღნიშნა მორგან ორტაგუსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები