0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების თემაზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დღეს ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე ერთობლივ წერილობით განცხადებას გაავრცელებენ.

მიმართვის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას, ასევე საქართველოსა და უკრაინის მიმართ კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.

აღნიშნული ხუთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ რუსეთის გარიცხვის საფუძველი კვლავ უცვლელი რჩება.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მისივე განმარტებით, საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციებმა გამოიყენეს პოლიტიკური ჟესტი და პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველ სესიას არ დაესწრნენ. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ადრეც ჰქონდა პრინციპული პოზიცია დაფიქსირებული რამდენიმე ქვეყნის დელეგაციასთან ერთად. ვინაიდან ახლა არის პირველი სესია მას შემდეგ, რაც რუსეთი დაბრუნდა საპარლამენტო ასამბლეაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია და პროტესტი სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად ისმოდეს. ეს არის პოლიტიკური ჟესტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ მიგვაჩნია – ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არ ეფუძნებოდა ლოგიკურ წინაპირობებს, რადგან ის მიზეზები, რის გამოც რუსეთს შეუჩერდა ხმის უფლება, არ არის მოხსნილი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ პირველ სესიაზე, რომელსაც გარკვეული საზეიმო დატვირთვა აქვს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დაესწრებიან. 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები