1 7 : 3 2
 | 

პოლიტიკა

სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინტერებში განთავსებაზე ჯარიმა 12-ჯერ იზრდება

კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება.

მისი თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას თავისი წესი აქვს. შესაბამისად, კონტეინერებში მათი განთავსება სწორედ აღნიშნული წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

„გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის დროს მსგავსი ფაქტები გამოავლინა. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც არის და ჯარიმდებიან, თუმცა აქაც გვინდა გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ათმაგი ოდენობის ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თუ აქამდე დამრღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ის 5 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი აქამდე ჯარიმდებოდა 1 000 ლარით და ახლა 10 000 ლარით დაჯარიმდება.

„მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც კლინიკებთან განთავსებული ნარჩენების ურნებში სამედიცინო ნარჩენების განთავსება ხდება, რაც სერიოზული პრობლემაა. სამედიცინო ნარჩენების გადაყრას აქვს თავისი წესი და ის არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში. ამაზე შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური მონიტორინგი დაგვჭირდება, რათა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები