2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

" მერაბიშვილი ჩვენი მეგობარია, ჩვენ ერთად შეგვიქმნია ის, რაც შეგვიქმნია. მიშა და ვანო ურთიერთობას თავად გაარკვევენ"

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი აუცილებლად იქნება პოლიტიკაში და გააგრძელებს ბრძოლას დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ.

„ის აუცილებლად იქნება პოლიტიკაში, გააგრძელებს ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მთავარი არის რომ, დღეს ერთი პოლიტპატიმარი თავისუფალია, ეს შენობა არის ივანიშვილის პირადი საპყრობილე, სადაც ჰყავს გამომწყვდეული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, ქართული პოლიციის შექმნაში და მას აქვს მორალური უფლება, გააკეთოს ის განცხადებები, რომელიც დღეს გააკეთა. მისი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ თვითონ გააკეთებს განცხადებას“ ,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

კითხვაზე, მზად ხართ თუ არა, ვანო მერაბიშვილს შესთავაზოთ პარტიაში დაბრუნება და მასთან ერთად პოლიტიკური გეგმების განხორციელება, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, რომ  ვანო მერაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად იქნება.

„ის ადამიანი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენ ერთად შეგვიქმნია ის, რაც შეგვიქმნია და ერთად გვიბრძოლია ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ მას უნდა ვაცადოთ, მან მიიღოს გადაწყვეტილება. მემგონი, ყველამ ნახეთ, რომ მან გააკეთა განცხადება – ერთიც და მეორე პარტიაც, რომლებიც დღეს სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, არიან მისი მეგობრები. ამიტომ ის როგორც გადაწყვეტს ამ ბრძოლას, ჩვენ დავემორჩილებით და დავეთანხმებით მის გადაწყვეტილებას. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად იქნება. ვანო მერაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და მას აქვს უფლება, თქვას, რომ უნდა იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუ ამას გადაწყვეტს, მას ვერავინ დაუშლის, რომ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ ცხოვრებაში ჩართული. აუცილებლად შევხვდებით მას, გავესაუბრებით, გვექნება მასთან მეგობრული საუბარი და პოლიტიკურ გეგმებზე შემდეგ ვისაუბრებთ“ ,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ამასთან, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი თავიანთ ურთიერთობას თავად გაარკვევენ.

„დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეხვდებიან, ისაუბრებენ და შემდეგ გადაწყვეტენ, რა როგორ წარმართონ“ ,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები