0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გავრილოვი პოზნერზე: ეს აგრესიული ოპოზიციის პროვოკაციაა, რომ ჩვენი ურთიერთობები არ აღდგეს

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის ვიზიტის გამოც 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა თვალები დაკარგეს, პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამართული აქცია “ქართული ოპოზიციის გათვითცნობიერებული პროვოკაციაა”. 

როგორც გავრილოვმა Tass-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს. 

“შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული “გასროლაა ორივე ფეხში”, რათა შესუსტდეს ეკონომიკა”, – ამბობს გავრილოვი. 

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს.

“თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს”, – თქვა სერგეი გავრილოვმა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”. 

რაც შეეხება თავად სერგეი გავრილოვს, 2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები