1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია

ჩამოტვირთვა

უფლისწულ დემნას ტრაგიკული აღსასრულის გამომწვევი მიზეზები, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გაჩნდა. ისტორიული წყაროების თანახმად, დავით აღმაშენებლის ვაჟსა და დემნა ბატონიშვილის ბაბუას, მეფე დემეტრე პირველს, განსაკუთრებულად უყვარდა საკუთარი უმცროსი ვაჟი გიორგი, უფროს დავითს კი დიდად არ სწყალობდა. დავითმა კარგად იცოდა მისდამი მამის დამოკიდებულება და მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო, ქვეყნის მეთაურის წოდების მოპოვებაზე მამის სიცოცხლეშივე დაიწყო ზრუნვა. დღეისათვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დემეტრე პირველმა მეფობა დათმო და ბერად აღიკვეცა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი დავით მეხუთე ავიდა, რომელიც 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა, არსებობს მოსაზრება, რომ დავით მეხუთის სიკვდილი ბუნებრივი არ ყოფილა და ის მოწამლეს. დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გვირგვინი მის არასრულწლოვან ვაჟს დემნა იგივე დემეტრე ბატონიშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრე პირველი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და პატარა დემნას ნაცვლად მეფის გვირგვინი სწორედ მან დაიდგა თავზე. დავით მეხუთის მსგავსად, გამეფებიდან მოკლე დროში გარდაიცვალა დემეტრე პირველიც, ამ დროისთვის დემნა ისევ არასრულწლოვანი იყო, საქართველოს მეფე კი ამჯერად დემეტრეს უმცროსი ვაჟი და თამარ მეფის მამა გიორგი მესამე გახდა. რომელმაც შემდგომში დემნას ნაცვლად საკუთარი ქალიშვილი, თამარი გაამეფა. მეცნირთა განმარტებით, გიორგი მესამის გამეფებაზე ობიექტურად მსჯელობა რთულია, რადგან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი სუბიქტურადაა აღწერილი როგორც ქართულ, ასევე სომხურ წყაროებში. ისტორიკოს დავით მერკვილაძის განცხადებით, ქართული წყაროები მეფე გიორგი მესამის გავლენითაა დაწერილი, სომხური კი საქართველოდან გიორგის მიერ განდევნილი დიდგავროვანი ქართველების მონაყოლზე დაყრდნობითაა შექმნილი. თუმცა როგორც მერკვილაძე განმარტავს, იმდროინდელი ქართული კანონმდებლობის თანახმად, არ ჰქონდა მნიშვნელობა იყო თუ არა გიორგი მესამე კანონიერი მეფე, მისი თქმით, ტახტი ყველა შემთხვევაში, დემნა ბატონიშვილს ეკუთვნოდა და არა თამარს. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დემნა ბატონიშვილი ტახტის მემკვიდრე არ იყო, რადგან ტახტის მემკვიდრე მეფის შვილია, იმ პერიოდში კი მეფის შვილი სწორედ გიორგი მესამე გახლდათ. გიორგი მესამის გამეფებიდან 20 წლის შემდეგ, უკვე სრულწლოვანმა 25 წელს მიღწეულმა დემნა ბატონიშვილმა მეფობის სურვილი გამოთქვა. გიორგი მესამე ტახტის დათმობას არ აპირებდა, ამიტომ ახალგაზრდა უფლისწული ქართველ დიდებულთა დიდ ნაწილთან ერთად ბიძას აუჯანყდა. შეთქმულებას სათავეში ჩაუდგა დემნას სიმამრი ამირსპასალარი ივანე ორბელი, უგვირგვინო უფლისწულის მხარეს 30 ათასზე მეტი მეომარი იყო. დემნა ბატონიშვილის აჯანყების მასშტაბურობას არ მალავს არც გიორგი მესამის მემატიანე. ახალგაზრდა უფლისწულის მხარდამჭერთა სიმრავლეს ისტორიკოსები ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზით ხსნიან. პირველი ის რომ მეთორმეტე საუკუნის თანამედროვენი გიორგი მესამეს კანონიერ ხელმწიფედ არ მიიჩნევდნენ. მეორე მოსაზრების თანახმად კი ქართველი დიდებულები გიორგი მესამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ იმიტომ, რომ მან ფეოდალების წილდაუდებელ მბრძანებლობას წერტილი დაუსვა. მოულოდნელმა ამბოხმა და აჯანყებულთა სიმრავლემ არ დააბნია გიორგი მესამე, ის 500 მხედრით პირველი მიიჭრა აჯანყებულთა ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. ბიძა-ძმიშვილის ბრძოლა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში, დემნას მხარდამჭერთა ნაწილი გიორგი მესამის მხარეს გადავიდა. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, დემნა თავის სიმამრთან და შემორჩენილ მომხრეებთან ერთად, ლორეს ციხეში გამაგრდა, რომელსაც გიორგი მესამემ ალყა შემოარტყა. ალყაში მოქცეული უფლისწული მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ლორეს ციხიდან თავისი მომხრეებისგან მალულად გამოვიდა და გიორგი მესამეს პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა. ავად მოეპყრო გიორგი ძლეულ ძმისწულს. ერთ ხანს კლდეკარის ციხეში იყო ჩაკეტილი დემნა. მერე ჯალათები მიადგნენ. ერთმა თვალები დაუშრიტა, მეორემ ლაჯებში დანა დაადო და... დაასაჭურისა. დემნა ჭკუაზე შეცდა. დიდხანსაც აღარ უცოცხლია. გელათის სამეფო საგოდებელი არ აღირსეს და მცხეთას დაფლეს მისი ცხედარი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გიორგი მესამემ დიდგვაროვნების ნაწილი სიკვდილით ნაწილი კი ქვეყნიდან განდევნით დასაჯა. განდევნილი დიდგვაროვნების ნაცვლად კი არცთუისე წარჩინებული გვარების წარმომადგენლები დააწინაურა. მეფის მრისხანება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას აჯანყების ყველა მონაწილე დააწყევლინა, რის სანაცვლოდაც შეუვალობა მისცა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ეკლესია გადასახადებისგან თავისუფლდებოდა. დემნა ბატონიშვილის ცხოვრებასა და ვეფხისტაოსანს შორის პარალელებს ავლებს ისტორიკოსი როსტომ ჩხეიძე, რომელიც ისტორიულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს პოემა სწორედ დემნა ბატონიშვილის ტრაგიკული აჩრდილის შთაგონებით შეიქმნა. როსტომ ჩხეიძისავე განმარტებით, დემნა ბატონიშვილის ტრაგიკული ისტორია, თამარ მეფის დიდებამ და მისმა წარმატებულმა მოღვაწეობამ დაჩრდილა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უგვირგვინო უფლისწულის სახელიც კი არ იცის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები