1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშვენიერი ნახატები და ბუმბული საღებავის ნაცვლად

ჩამოტვირთვა

„სულის პური“ ასე მოიხსენიებს საკუთარ ჰობის რუსუდან კაციტაძე. ბუმბულებისგან ნახატების შექმნა მან 15 წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 100მდე ნამუშევარი მოამზადა, ყველა ნახატს საკუთარი სახელი, აზრი და ისტორია აქვს. პროფესიით ფიზიკოსი და სულით ხელოვანი ქალბატონისთვის ბუმბულებით ხატვა არავის უსწავლებია, ეს მშვენიერი ნახატები მან საკუთარი ფანტაზიისა და ღვთის მიერ ბოძებული ნიჭის დახმარებით შექმნა. თითოეული ნამუშევარი იმდენად უყვარს რომ გასაყიდად ან გასაჩუქებლად ძნელად იმეტებს, აიტივისთან საუბრისას ისიც კი გაამხილა, რომ თავის ნახატებს ხშირად ცოცხალი ადამიანებივით ესაუბრება, საკუთარ ტკივილს უზიარებს და დარწმუნებულია, რომ ისინი უსმენენ. ბუმბულებით ხატვის განწყობა ყოველთვის აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ჰობია და არა შემოსავლის წყარო, ამიტომ ხატვისთვის ბევრი დრო არ რჩება. სურათებში საკუთარ ტკივილსა და სიხარულს აქსოვს, ნახატებით ცდილობს მუსიკისა და პოეზიისგან მიღებული შთაბეჭდილებების გამოხატვასაც. პირველი ნახატი დედასთან ერთად შექმნა, სწორედ დედა იყო მისი პირველი შემფასებელიც, თუმცა მოგვიანებით ეს ფუნქცია შვილებმა და მეუღლემ შეითავსეს, რუსუდან კაციტაძის ოჯახში მის ნახატებს დიდი ადგილი უკავია. ხატავს ყოველთვის როცა თავისუფალი დრო აქვს, თუმცა იყო მის ცხოვრებაში პერიოდი როცა ხატვა შეწყვიტა. წარსულის მტკივნეულ მონაკვეთს ქალბატონი რუსუდანი ცრემლიანი თვალებით იხსენებს, უფროსი დის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ის ძლიერ დეპრესიაში ჩააგდო, რამდენიმე თვით საკუთარი ჰობიც კი დაივიწყა, თუმცა მოგვიანებით გარდაცვლილი დის სიყვარულით ხატვა ისევ დაიწყო, მისი პორტრეტი შექმნა და გადაწყვიტა, რომ პირველი გამოფენა საკუთარი დის ხსოვნას მიუძღვნას. რუსუდან კაციტაძის პირველი პერსონალური გამოფენის თარიღი თავად მხატვრისთვისაც კი უცნობია, თუმცა მისი მშვენიერი ნამუშევრების დათვალიერების მსურველებს ბუმბულისაგან შექმნილი ნახატების ხილვა ფესტივალ არტ-გენის გამოფენა-გაყიდვაზე შეეძლებათ, რომელშიც ქალბატონი რუსუდანი უკვე მეშვიდე წელია რაც მონაწილეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები