1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ეს სასამართლოა, აქ შოუს ნუ აწყობთ"- რუსეთის წარმომადგენელი პირველი არხის ჟურნალისტს

ჩამოტვირთვა

ეს სასამართლოა, აქ შოუს ნუ აწყობთ – ასე  მიმართა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა პირველი არხის ჟურნალისტს, რომელმაც სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო მოსმენის შემდეგ გალპერინს რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორც შეიძლება ადამიანის წამების ამსახველი ვიდეოს ან გორის ცენტრში აფეთქების კადრების გაყალბება – აღნიშნული კითხვები მიხეილ გალპერინმა უპასუხოდ დატოვა.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მთელი სხდომის განმავლობაში ცდილობდნენ, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა დაერწმუნებინათ, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალები, რადარებისა და სეისმური სადგურების ჩანაწერები, “ყალბი” იყო.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ქართულ მედიასთან მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა – „დღეს ყველაფერი თავად გაიგეთ. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე რუსეთის ხელისუფლების ადვოკატი ვარ. ვფიქრობ, კოლეგებსაც საქართველოში იგივე პოზიცია აქვთ“, – განაცხადა მიხეილ გალპერინმა.

დღეს გამართულ ბოლო მოსმენაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებასა და საქართველოს მტკიცებულებებზე, ასევე რუსეთის პასუხებსა და არგუმენტებზე ისაუბრა.

„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული. როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).


1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები