1 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორბელიანის მოედანი საზეიმოდ გაიხსნა

ჩამოტვირთვა

ორბელიანის მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე (ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩებზე) სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები: მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სუსტი დენის სისტემები. ჯამში, აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინისა და ხის ნაკეთობები. გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულება 9 მლნ ლარია.

რეაბილიტაციის პროცესში, ე.წ. ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა. რეაბილიტაციის პროცესში კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო ოთხი სასტუმროსა და ორი სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

დასკვნით ეტაპზე, განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც შვიდი სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის, ორი ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას გულისხმობს. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები