0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეფასებები დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე

დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და იქ მიმდინარე აქციაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში უნდა გადაწყდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რათა დაცული იყოს წესრიგი და ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციას.

„ჩვენ საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი. სასურველია, რომ დაველოდოთ ოფიციალურ ფორმატს,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. დეპუტატი ამბობს, რომ, პირველ რიგში, პრობლემა დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მისივე თქმით, დავით გარეჯში დღეს შექმნილი პრობლემა არის საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებების დამსახურება.

"მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ და პატრიოტული მოტივებით უნდათ ეს პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ მოგვარდეს. მაგრამ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ, ხშირად, ასეთი ურა პატრიოტული, ვაი პატრიოტული ქმედებები, განცხადებები და დემარშები შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო გართულების გამომწვევი იყოს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა და ნაბიჯებისგან, განცხადებებისგან, ჟესტებისგან, რომელმაც შესაძლოა კიდევ გააუარესოს ეს მდგომარეობა",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“თქვენი სენტიმენტი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი და მართალი, რომ არ გამეფრთხილებინეთ, არ მომეწოდებინა მაქსიმალური თავშეკავებისთვის. ნუ გახდებით იარაღი იმ ჰიბრიდულ, უხილავ ომში, მათ შორის, დავით გარეჯში, სადაც ხდება ახალი პრობლემის კერის შექმნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერით. ერთად დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და ამ ეროვნული ინტერესების დაცვას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება. ხაზი ჩვენი თავისუფლებისა და ინტერესებისთვის ბრძოლის, გადის სწორედ აქ,”- ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა დავით გარეჯში აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. მისი თქმით, ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა.

დღესვე, თემაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა. მისი თქმით, ორმხრივი კომისია ძალიან ბევრს შრომობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„მე როგორც ვიცი, ეს საკითხი, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით დგას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, საკმაოდ ხანგრძლივია. დემარკაციის საკითხებზე ორმხრივი კომისია მუშაობს და ისინი მართლაც ძალიან ბევრს შრომობენ ამ მიმართულებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნება კარგი შედეგები“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში დაგეგმილ აქციას გუშინ საქართველოს პატრიარქი განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა კეთილგონიერება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია.

„მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს“, - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები