0 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება Aigroup -ის უპირველესი ამოცანა იქნება

ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობა იწყება

 „ჩვენ საქართველოში გამოცხადებული გვაქვს მწვანე ეკონომიკის მშენებლობა. უახლოეს 10 წელიწადში დაგეგმილი გვაქვს რომ დღეს არსებული ავტომობილები სრულიად ჩანაცვლდეს ელექტრომობილებით. მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი. დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია Aigroup, რეგიონში ერთ-ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის "ჩანგანის" დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას. რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება იწყება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია,- ამ სიტყვებით გახსნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის  Aigroup-ის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც ქუთაისში   გამიართა. კომპანიამ  საზოგადოებას  ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარუდგინა.

ელექტრომობილების პროექტის პრეზენტაცია მულტიმედიური და გრანდიოზული ლაზერ შოუთი გაიხსნა, რის შემდეგაც ოფიციალური პირები და პროექტის ავტორები: ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,   კომპანიის aigroup-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები, ასევე სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ.    

კომპანია Aigroup -ის ხელმძღვანელის კახა გულედანის ინფორმაციით, კომპანია ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.

 "დასრულების სტადიაზეა ქარხნის პროექტირება და ძალიან მოკლე ხანში ჩვენ გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაში, ვგეგმავთ საწარმოო ხაზის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო იხილავს პირველ ქართულ ელექტრომობილებს, აღნიშნულ პროდუქტიას გავიტანთ ევროპისა და აზიის ბაზარზე, ცხადია დავაკმაყოფილებთ ადგილობრივ ბაზარსაც. სრული დატვირთვის პირობებში, ვგეგმავთ ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას მთელი ქვეყნიის მასშტაბით. სულ მალე ჩვენი ქუჩები სრულიად დაიტვირთება ელექტრომობილებით, რაც მიანიშნებს ჩვენს ზრუნვას გარემოზე. შედეგად,  დაიზოგება ელექტრომატარებლების იმპორტი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ნაკლები მოცულობის თანხები დაიხარჯება იმპორტზე", - განაცხადა კახა გულედანმა. 

პროექტის დასაწყისში საწარმოში 4 მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზარზე გავა, რაც ექსპორტის ზრდას და ვალუტის გადინების შემცირებას შეუწყობს ხელს.  ამასთან საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები ევროპის ქვეყნის ბაზარზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

პროექტის თანახმად,  ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup  ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ.  საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს  მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების  საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ,  3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც  რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

 „ამბიციური და საპასუხიმგებლო“ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის მიზანს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდზე დააყენებს, სადაც პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნაა. Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

ქუთაისი იბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სახელს. კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება ამ რეგიონში. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც აიგრუპი დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს, შემდგომში დასაქმების მიზნით. ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.

თანამედროვე ელექტრომობილის წარმოება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია აიგრუპის სამოქმედო გეგმაა უახლოეს წლებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების ფასი ადგილობრივი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამისათვის გააქტიურდება, ავტომობილების სოციალური და საჯარო სალიზინგო სერვისები, რაც ქართველ მომხმარებელს ავტომობილის შეძენას გაუადვილებს.

Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს. “ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება,  პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ  ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ - განმარტავს  კომპანია aicar-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხუროძე.

პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია იმუშავებს. 

"მე პირადად ვარ ბედნიერი, ჩემი ოცნება ასრულდა, მე მინდოდა, რომ ავტომობილების წარმოება ყოფილიყო საქართველოში და მით უმეტეს ელექტრომობილების წარმოება, ამას ემატება ისიც, რომ მე ვარ ჩართული ამ პროცესებში და სამომავლოდ ვიმუშავებ პირველ ქართულ მსუბულ ელექტრომობილზე, რომელიც წარსდგება სულ მალე ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ დავიწყებთ ამ მანქანის არა მარტო საქართველოში გაყიდვას, არამედ მთელ მსოფლიოში. ისეთ ელექტრომობილებს შევქმნით, რომლებიც 100 წლიან ბრენდებს გაუწევს კონკურენციას, მე ამის მჯერადა დარწმუნებული ვარ,", -განაცხადა ზვიად ციკოლიამ.

მისი თქმით, "მომავლის მანქანა", პირველ რიგში, გათვლილი იქნება ქართველ მომხმარებელზე, როგორც კომფორტის და გამძლეობის, ასევე ფასის მხრივ. 

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისს სტუმრობდა ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი დოქტორი ჯან კარლო პერინი, რომელმაც შეაფასა პროექტი და წარმატებული უწოდა. ამასთან,  მიაჩნია, რომ საავტომობილო წარმოება წარმოადგენს მძლავრ მამოძრავებელ ძალას ნებისმიერი ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებისთვის და ეჭვგაეშეა, რომ ეს სფერო, შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ერის  სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებაში.

 „გარდა ამისა, ელექტრომობილების წარმოების განვითარება, არის ის უალტერნატივო გზა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე  ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემების და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი - დიზაინერები და ინჟინრები - რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავის წვლილს  სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში,“ - განმარტავს ჯან კარლო პერინი.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები