1 7 : 4 5
 | 

შოუბიზნესი

ნიკა გრიგოლია: “არავინ იფიქროს, რომ “რუსთავი 2″-ის მონა ვარ”

შოუმენ ნიკა გრიგოლიას ცხოვრება დასტაბილურდა. ერთი პერიოდი მშობლიურ “კომედი შოუსა” და მას შორის განხეთქილება ჩამოვარდა, პირველი ქორწინებაც დაენგრა და “თავისუფალ ძიებაში” იყო. თუმცა შეძლო დაელაგებინა თავისი ცხოვრება. ამის შესახებ ის “სარკეს” უყვება.

– მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ს ფინანსური კრიზისი დაუდგა, მისი გადაცემები ცნობილ სახეებთან ერთად კონკურენტ არხზე გადავიდნენ, თქვენ არ გიფიქრიათ სხვა სამუშოას მოძებნაზე ან შეთავაზება სხვა არხიდან არ მიგიღიათ?

– ბევრი ჩემი მეგობარი, რომლებთან ერთადაც წლები კარგად ვმუშაობდი, “იმედზე” გადავიდა. ისინი დღესაც ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ ერთად აღარ ვმუშაობთ. შემომთავაზეს, რომ მათთან ერთად მემუშავა, მაგრამ “რუსთავი 2”-ში დავრჩი.

ამ ტელეკომპანიაში 2000 წლიდან ვმუშაობ. ვიდრე ტელევიზიაში ვიქნები, სავარაუდოდ, სულ ამ არხზე ვიქნები. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ავადმყოფური დამოკიდებულება მაქვს ან მონური სინდრომით ვარ შეპყრობილი, უბრალოდ, ამ არხმა ბევრი მიიღო ჩემგან და ამ არხიდანაც ბევრი მივიღე მე. წარმატებული თანამშრომელი რომ არ ვიყო, უწყვეტად 17 წელი ერთსა და იმავე არხზე არ ვიმუშავებდი.

პერიოდულად შემოთავაზებები სულ მაქვს, დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ნიჭს აფასებენ ან თვლიან, რომ მათი საქმისთვის საჭირო ვარ, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე – “რუსთავი 2”-ზე უნდა ვიყო.

– თუნდაც სხვაგან უფრო მეტი ანაზღაურება შემოეთავაზებინათ?

– ასეც იქნებოდა, მაგრამ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ “რუსთავი 2”-ზე უფრო მეტი ანაზღაურება მქონდა, რადგან სამ შოუში ვმუშაობდი, ახლა კი – ერთში. ჩემთვის ანაზღაურება არ არის მთავარი. ხელფასისთვის დავდივარ სამსახურში, მაგრამ ის, რომ ვიღაც მეტ ხელფასს გადამიხდის, ჩემთვის გადამწყვეტი არ არის. ჩემი ერთგულება რაღაცნაირად მეტ თავისუფლებას მაძლევს.

იმ ადამიანებისგან, რომლებიც გადასვლას მთავაზობდნენ, რა თქმა უნდა, მეტი ანაზღაურება მექნებოდა, მაგრამ სამუშაოც მეტი უნდა შემესრულებინა, ტყუილად არავინ არაფერს გადაგიხდის.

– გადაცემის გარდა სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?

– კი, ჩემი ძირითადი საქმიანობა ივენთებია. კომპანიებთან ვმუშაობ და კარგ ანაზღაურებას ვიღებ, საქმესაც კარგად ვაკეთებ.

ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში, ამერიკაში, სადაც ღონისძიებებს ვესწრები. იქ სულ სხვა კულტურაა. მე და ერთი-ორმა ჩემმა ნიჭიერმა მეგობარმა პატარა კომპანია გავაკეთეთ, კარგ ივენთებს ვაწყობთ, დამკვეთებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც.

– 6 წელია, რაც თქვენ და მარიამ ფაღავა ცოლ-ქმარი ხართ. მოგვიყევით, როგორია თქვენი ურთიერთობა, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში.

– იდეალურად ვარ, ჩემს გოგონაში გამიმართლა. მხოლოდ ჩემს გოგოს შეუძლია მაგრძნობინოს სრული ბედნიერება. გულწრფელად გეტყვით, გამართლება ჰქვია იმას, როცა ისეთ ადამიანს შეხვდები, როგორსაც მე შევხვდი.

– თქვენი შვილი, ნიკოლოზი, მარიამს კარგად შეეწყო?

– მარიამის დამსახურებაა, რომ საუკეთესო მეგობრები არიან. ადრე თუ ნიკოლოზი ჩემ გარეშე არავისთან დარჩებოდა, ახლა მარიამთან რჩება.

– თქვენ და მარიამი საერთო შვილის ყოლას აპირებთ?

– კი, ამის დრო მოვიდა. აქამდე მარიამი სწავლობდა, იურიდიული დაამთავრა. ვურჩევდი, ჯერ ესწავლა, გვემოგზაურა, გვებოდიალა და ამაზე მერე გვეზრუნა.ჩემზე ბევრად უმცროსია, 24 წლისაა, მე 36-ის ვარ.

იდეალურ ასაკში ვარ. ბუნებით არ შევცვლილვარ. შეიძლება ადამიანი დუხჭირმა ცხოვრებამ ან ზედმეტმა ბედნიერებამ შეცვალოს, მაგრამ ჩემთვის მაინც უცნაურია, როცა პიროვნება იცვლება. როცა ადამიანი მიყვარდება, მისი ბუნება მიყვარდება, შესაბამისად, ვერ ვეგუები, როცა სხვანაირები ხდებიან. შეიძლება გემოვნებაც შეგეცვალოს, სხვა რამეც, მაგრამ ბუნების შეცვლა ჩემთვის გაუგებარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები