1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

2019 წლის ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებებია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილება შევიდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2019 წელს აბიტურიენტებს შეცვლილ ტესტებს შესთავაზებენ.

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების  მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:

ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებების ნიმუში

უცხოური ენების გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. 

გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;

შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

უცხოური ენების დავალებების ნიმუში:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა


ლიტერატურის გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც - 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

ლიტერატურის გამოცდის დავალებების ნიმუში
მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები და მათი განმარტება

გეოგრაფიის გამოცდა:

ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე; 

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

გეოგრაფიის დავალებების ნიმუში

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები