1 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ფეხის გარშემო და ზურგში მატლები იყვნენ" - ქირურგიის ცენტრში, მამაკაცმა მამის სხეულზე მატლები აღმოაჩინა

ჩამოტვირთვა

ინციდენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოხდა, სადაც ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაეის ადვოკატის ინფორმაციით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა დაცვის თანამშრომლებმა მიაყენეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგვიპტის მოქალაქემ მამის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა და საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

ვაგდია ელკორაეის მამა ქირურგიის ცენტრში მკურნალობს, თუმცა დაზარალებულის განცხადებით, მას ექიმები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეგვიპტის მოქალაქე სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ამ წუთებში მას ექსპერტიზა უტარდება. 

"გუშინწინ დავინტერესდი მამის მდგომარეობით, შევამოწმე და სიბინძურეში ჰყავდათ, ვთხოვე პერსონალს, დაებანა, მაგრამ უარი გვითხრეს, შემდეგ ვუთხარით, რომ ჩვენ მივხედავდით, მაგრამ მაინც უარი გვითხრეს. შემდეგ ჩემმა ნათესავმა აიღო ხელსახოცი და ცდილობდა გაწმენდა. ამ დროს აღმოაჩინა მატლი, ყველგან მატლები იყვნენ, ფეხის გარშემო, ზურგში. ეს ყველაფერი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა. გამოიძახეს პოლიცია, ჩვენ მივედით და რეანიმაციის თანამშრომელს დაველაპარაკეთ, მაგრამ ექიმმა მამაჩემის ნახვის უფლება არ მოგვცა. ექიმი გვეჩხუბებოდა, ბოლოს მცემა,"- განაცხადა ვაგდია ელკორაეიმ. 

ადვოკატ თამარ მჭედლიშვილის განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომლები მას ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ეგვიპტის მოქალაქეს დაზიანებებიც აღენიშნება. ადვოკატის თქმით, გამოკითხვის დროს მისი დაცვის ქვეშ მტკიცებულება თან ჰქონდა, თუმცა სამართალდამცველებს ის არ ამოუღიათ.

„დაგვიკავშირდა ეგვიპტის მოქალაქე, რომელმაც აღნიშნა, რომ მამამის არ აქცევდნენ ყურადღებას და მის სხეულზე აღმოაჩინეს თეთრი მატლები. გამოჰქონდა ბინტები და ეს მასალა საავადმყოფოდან, რათა ეჩივლა შემდეგ. ამის შესახებ პრეტენზიები მან 18 თებერვალსაც დააფიქსირა. არ აღმოიფხვრა ეს პრობლემა. გუშინ რომ მივიდა, კვლავ იგივე მდგომარეობა დახვდა. ცდილობდა, რომ გამოეტანა ეს მტკიცებულებები და შესაბამისი ორგანოებისთვის მიემართა. ინციდენტი მოხდა ნახვის საათების დასრულებისას. მოუწოდებდნენ, რომ რეანიმაციის განყოფილება დაეტოვებინა, თუმცა მან ვერ და არ დატოვა რეანიმაციის განყოფილება იმიტომ, რომ მამამისი იმყოფებოდა მძიმე პირობებში,“ განაცხადა ადვოკატმა, თამარ მჭედლიშვილმა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეგვიპტის მოქალაქისა და ადვოკატის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მათი თქმით, პაციენტის შვილი აგრესიული იყო, რეანიმაციული განყოფილებიდან ვერ გამოჰყავდათ. კლინიკის წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ მთავარი მტკიცებულება - მატლი კლინიკაში თავად ეგვიპტის მოქალაქემ მიიტანა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მისთვის ექიმებსა და დაცვის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. 


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები