2 1 : 0 1
 | 

საზოგადოება

თხილის ბაღში მიტოვებული ჩვილი ამ პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს

ექიმების მისვლამდე თხილის ბაღში მიტოვებულ ჩვილს პოლიციელმა თავად აღმოუჩინა დახმარება.  პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციელებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა პატარას თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები