1 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

15-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ხელფასს არ მიიღებს

დღეს დილიდან ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს.

„მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, "ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარგაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.

ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებულია, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.

ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები