1 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ბავშვს სანამ ინსულტი დაემართებოდა, ნერვიულობდა, ჩემთვის თირკმელი არ გამოჩნდაო” – პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ტკივილით სავსე ცხოვრება

2017 წელს ინტერნეტსივრცეში ტაძარში გადაღებული ერთი პატარა ბიჭის ვიდეო გავრცელდა და ბავშვი მაშინვე მთელმა ქვეყანამ შეიყვარა, მიიწვიეს სხვადასხვა ტელეშოუებში, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს თირკმლების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს. მერე იყო ურთულესი გზა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. წლების წინ თავისი ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ, გადაუნერგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილი გამხდარიყო.

ბიჭუნას მამა, ზურაბ ჭიჭიკოშვილი, გვიამბობს, რომ ბებიის თირკმელი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დაუზიანეს, რის შემდეგაც ნიკოლოზისთვის კიდევ უნდა გადაენერგათ თირკმელი, მაგრამ მოულოდნელად პატარას, რომელიც ახლა 10 წლისაა, ინსულტი განუვითარდა, თითქმის ერთი თვეა გონებაზე არ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული (ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში. ახლა ნიკოლოზი უკეთესადაა. თუმცა, როგორც ბავშვის მამა ამბობს, კიდევ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. "ის მომენტი, რომ გადარჩა და ცოცხალი გვყავს, ძალიან დიდი ბედნიერებაა”, – ამბობს ბატონი ზურაბი ).

– ბატონო ზურაბ, როდის დაეწყო ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები?

– ჩემი მეუღლე 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა გავიგეთ, რომ ნიკას დაბადებისთანავე ექნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა. გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა დაბადებულიყო და გაგვეზარდა, რადაც უნდა დაგვჯდომოდა.

– რა პრობლემაზე იყო დაბადებამდე საუბარი?

– თირკმლების უკმარისობაზე. მუცლადყოფნის პერიოდშივე იყო თირკმლები დაზიანებული. რომ დაიბადა, მოშარდვა არ შეეძლო, რადგან დაზიანებული, დახშული ჰქონდა უკანა ურეთრის სარქველი და საშარდე მილი.

რადგან საქართველოში არ არსებობდა სამედიცინო გამოცდილება, ეს მილი გაეხსნათ, ერთი თვისაც არ იყო, ერევანში რომ წავიყვანეთ. იქ ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, უკანა სარქველი გახსნეს და შარდი ჩვეულებრივად წამოვიდა, მაგრამ თირკმლები უკვე ძალიან დაზიანებული ჰქონდა. მაშინ გვითხრეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს აუცილებლად დასჭირდებოდა თირკმლის გადანერგვა.

4 წლის ასაკამდე ძლიერი ქართველი ექიმის, გურამ ჩიტაიას, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა და მისი დამსახურებაა, რომ 4 წლის ასაკამდე თავისი თირკმლებით იცხოვრა. მაშინ მე და ჩემი მეუღლე ამ საკითხში გარკვეულები არ ვიყავით, მაგრამ მერე დრომ აჩვენა, რომ სწორედ ამ უძლიერესი ექიმის დამსახურება იყო, 4 წლამდე რომ თირკმლის გადანერგვა არ დაგვჭირდა. მერე კი თირკმლებმა საერთოდ შეწყვიტეს ფუნქციონირება.

2014 წელი იყო, როდესაც ინგოროყვას კლინიკაში, ირმა ჭოხონელიძის განყოფილებაში ჩამოვიდა გერმანელი ექიმი იან შმიდტი, რომელმაც ნიკოლოზს თირკმლის გადანერგვა გაუკეთა.

– ვისი თირკმელი გადაუნერგეს?

– ჩემი სიდედრის. სისხლის ჯგუფი მისას ემთხვეოდა. საქართველოში ოპერაციები კი კარგად კეთდება, რადგან შესანიშნავი ქირურგები გვყავს, მაგრამ ყველაზე რთული პოსტოპერაციული მოვლაა.

ასეთი ბავშვის მოვლის პრაქტიკა არც არსებობდა და 6-7 თვეში დაიწყო პრობლემები. რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. ბოლოს თავისი თირკმელიც ამოუღეს. სანამ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზი ორგანიზმში თავისი თირკმლის არსებობა იყო, გარკვეული დრო გავიდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა გადანერგილ თირკმელზე.

– თირკმლის გადანერგვისას თავისი თირკმელი არ ამოაცალეს?

– არა. თირკმელი არ ინერგება ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს ორგანო მდებარეობს. ბავშვს თირკმელი მუცლის ღრუში, დაახლოებით ღვიძლის მიდამოში ჩაუდგეს. ზოგადად ასე ხდება.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ერთ-ერთი ექიმის არასწორი ქმედების შედეგად მკვეთრად გაუარესდა ბავშვის თირკმლის ფუნქციონირება და დიალიზი დასჭირდა.

– ექიმის არასწორ ჩარევაში რას გულისხმობთ?

– არ მინდა იმ ექიმზე საუბარი, რადგან ძალიან გაბრაზებული ვარ. გამოცდილ ექიმს ვეძებდით და მასთან მოვხვდით. ბიოფსია გაუკეთა, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო და გადანერგილი თირკმლის ცენტრალური არტერია დაუზიანა. ამან გამოიწვია გართულებები, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა ახალი თირკმლის გადანერგვის აუცილებლობა.

ბავშვს ჰემოგლობინის დონე უმცირდებოდა და იძულებულები ვიყავით, წელიწადში ერთხელ სისხლი გადაგვესხა, რაც კარგი არ იყო. როცა ბავშვს ორგანიზმში უცხო სხეული აქვს, კიდევ სხვა სისხლის გადასხმა რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ სხვაგვარად ჰემოგლობინის აწევა არ ხერხდებოდა. იმ ექიმის ჩარევამ კი გამოიწვია ის, რომ ბავშვი უფრო მალე გადაიყვანეს დიალიზზე.

10 წელია მე და ჩემი მეუღლე ამ ბავშვს შევყურებთ და ცხოვრება გვასწავლიდა, როგორ უნდა მოგვევლო. ჩემი ცოლის დამსახურებაა, დღეს რომ ნიკუშა ცოცხალი გვყავს. საქმე ის არის, რომ საქართველოში არც იმის გამოცდილება აქვთ, ბავშვებს დიალიზი როგორ უნდა გაუკეთდეს.

პროფესიონალია ირმა ჭოხონელიძე, რომელსაც, სამწუხაროდ, ბავშვებთან მუშაობის უფლება არ აქვს. იმის გამო, რომ ჩვენს შვილს უვლიდა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირმას უჩივლა და იძულებული გახდა, ჩვენი ბავშვის მკურნალობაზე უარი ეთქვა. ამიტომ ჩვენც იძულებულები გავხდით, დიალიზი სხვაგან გაგვეკეთებინა. ამის მიუხედავად, ირმა ჭოხონელიძესთან და ბელორუსიაში იმ ექიმთან, ვისთანაც თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში ვდგავართ, მუდმივ კონტაქტში ვიყავით.

როგორც ირმა ჭოხონელიძის განყოფილების ექიმები, ისე ბელორუსი ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვს მომატებული ჰქონდა სითხე, რაც არ შეიძლებოდა, რადგან წნევის მატებას გამოიწვევდა და დამატებითი დიალიზი დასჭირდებოდა. ბავშვს მოულოდნელად დაეწყო მაღალი წნევები, რასაც ვერ ვარეგულირებდით. სანამ ასე ცუდად გახდებოდა, როგორც ახლაა, 3-4 დღე წნევა 170-180-მდე ასდიოდა.

იმ საღამოს, სანამ გონებას დაკარგავდა, ჩემმა მეუღლემ შეატყო გამოხედვაზე, რომ ცუდად იყო. თვალები რომ აემღვრეოდა, უკვე ვხვდებოდით, რომ ცუდად იყო. სასწრაფო გამოიძახა და ბავშვმა სასწრაფოს მანქანაში დაკარგა გონება.

კლინიკაში რომ მივიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ მაღალი წნევის გამო ბავშვს ინსულტი დაემართა. მაშინ წნევა 250 დაფიქსირებულა და სისხლი ჩაექცა ტვინში. დრენაჟის ჩადგმა დასჭირდა, რადგან ქირურგიულად ვერ შეეხებოდნენ. ამის შემდეგ აპარატზეა მიერთებული. ახლა რასაც ვუყურებთ, ამ ეტაპზე პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და, სავარაუდოდ, ფეხიც.

– რას გეუბნებიან ექიმები, როგორი შანსებია ნიკუშას გამოჯანმრთელების?

– ყველა იმას გვეუბნება, რომ ყველაფერი ბავშვის ორგანიზმზეა დამოკიდებული. არანაირი იმედი, გარანტია და დაპირება არავისგან მიგვიღია. მხოლოდ ნიკუშაზეა ყველაფერი დამოკიდებული. აქედან რომ გამოვძვრებით, ბელორუსიაში გვამური თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში ვართ და იქ მიგვყავს.

ვერავინ გვეტყვის, როდის მოუწევს რიგი. იქაც გარდაცვლილის ოჯახზეა დამოკიდებული, მოგცემენ თუ არა ორგანოების გამოყენების უფლებას და თან ძალიან ბევრი კომპონენტი უნდა დაემთხვეს. ამისთვის ფული უკვე გადარიცხულია იმ კლინიკაში, რადგან ხალხი და სახელმწიფო დაგვეხმარა, მაგრამ, რა იქნება, ჯერ არ ვიცით.

 თქვენი ბიჭი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც ვიდეო გავრცელდა, რომელიც ეკლესიაშია გადაღებული. თქვენ გადაუღეთ?

– არა. ბავშვი შევიყვანეთ “შავნაბადას” სკოლაში, რომელსაც აქვს ტრადიცია, რომ ბავშვები პირველ დღეს მიჰყავს რომელიმე ეკლესიაში. წაიყვანეს ბავშვები ეკლესიაში და ვიდეო გადაუღეს. ოპერატორმა დააფიქსირა ნიკუშას მანერები.

სხვანაირი ბავშვია. მაშინ ჰორმონებს სვამდა, რამაც მისი სახის შეშუპება გამოიწვია. ხალხს კი ეგონა, რომ ჭამისგან ჰქონდა ამხელა ლოყები. ყველას მოსწონს ფუმფულა ბავშვები. არადა ტანზე გამხდარი იყო, სახე ჰქონდა მხოლოდ შეშუპებული.

რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს, რომ ნიკუშას ფოტოებს და ვიდეოებს აზიარებდა ხალხი სოციალურ ქსელში და მეც მაშინ ვნახე.

– ასაკთან შედარებით ნორმალურად ვითარდებოდა?

– გვეუბნებოდნენ, როდესაც ბავშვს აქვს თირკმლის პრობლემა, თანატოლებს ყოველთვის ჩამორჩება ზრდაშიო. თირკმლის გადანერგვამდე, 4 წლამდე ბავშვი ნორმალურად იზრდებოდა და გვეგონა, რომ ექიმები ცდებოდნენ ამ ამბავში.

გადავუნერგეთ თუ არა თირკმელი, ბავშვმა ზრდა შეწყვიტა, რაც სხვა შემთხვევაში არ ხდება. თირკმელი გამოყოფს ზრდის ჰორმონს, რომელიც ბავშვს საშუალებას აძლევს, გაიზარდოს. ნიკუშას შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. თირკმლის გადანერგვის შემდეგ სიმაღლეში მხოლოდ ორი სანტიმეტრიღა მოიმატა. იმის გამო, რომ თანატოლებს ჩამორჩებოდა, ზრდის ჰორმონს ვაძლევდით. ეს პრეპარატი ძალიან ძვირადღირებულია და არ ფინანსდება.

 შეიძლებოდა მისთვის ამ ჰორმონის მიცემა?

– რა თქმა უნდა, სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ მივეცით. გაციების დროსაც კი არ მიგვიცია წამალი, ექიმისთვის რომ არ გვეკითხა. სხვა მხრივ, ბავშვს განვითარების არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. შესანიშნავად აზროვნებს და ფიქრობს. თავის პრობლემასთან დაკავშირებით იმდენი რამ იცის…

– მხიარულია თუ სევდიანი, აისახა ეს ავადმყოფობა მის ხასიათზე?

– ძალიან მხიარული ბავშვია, მაგრამ ბევრს ფიქრობს თავის პრობლემებზე. ხან ისეთ კითხვას დაგვისვამს… მოდიოდა და მეკითხებოდა, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდა ჩემთვის თირკმელი, რა მოხდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრობდა, ნერვიულობდა, მაგრამ არ გამოხატავდა. წამოცდა იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი თვითონ ვერ მოძებნა.

– სხვა შვილებიც გყავთ?

– დიახ, კიდევ ორი შვილი გვყავს. გოგონა ნიკუშაზე უფროსია და ბიჭი – უმცროსი, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე მთლიანად ნიკუშაზე ვართ გადართული და 10 წელია მას შევყურებთ თვალებში.

ამ სიტუაციიდან თუ გამოძვრა, ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვ, ირმა ჭოხონელიძეს ბავშვების მკურნალობის უფლებას თუ არ მისცემენ, სასჯელი მაინც არ დააკისრონ იმის გამო, რომ ჩემს შვილს მიაქცევს ყურადღებას. ვფიქრობ, მისი დაკვირვების ქვეშ რომ ყოფილიყო ბავშვი, ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა, რადგან ამ ქალბატონისა და სხვა ექიმების გამოცდილება ერთმანეთთან ახლოსაც ვერ მივა.

წყარო: ჟურნალი "სარკე"

     

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები