2 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

“ვერელი აბდუშაჰილის” დაუვიწყარი როლები და გენია, რომელსაც დოდო აბაშიძე ჰქვია

ჩამოტვირთვა

„მსახიობმა რომ გამარჯვებას მიაღწიოს, ამისთვის არსებობს სამი კანონი: მაყურებელს უნდა ესმოდეს შენი. უნდა გხედავდეს და უნდა აღგიქვამდეს. თუკი მსახიობი ამ კანონებს არ იცავს, არ ახორციელებს, არაფერი არ გამოვა“, – ამბობდა დოდო აბაშიძე და თავად მართლაც რომ გაიმარჯვა. დოდო აბაშიძეს ხშირად ადარებდნენ დევგმირს, რომელშიც სიკვდილის ბოლო წუთებამდე ცოცხლობდა ბავშვი… მისი ბავშვობა კი მართლაც გასაოცარი იყო: ვერაზე პირველ დამრტყმელად და „ყოჩად“ ითვლებოდა, გაუთავებლად ბურთს დასდევდა, ჩხუბობდა… ჩხუბობდა ვაჟკაცურად – მუშტით… აი რას ამბობდა დოდო აბაშიძე საკუთარ თავზე ვერელი აბდუშაჰილი დოდო აბაშიძე: „მე არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ კარჩაკეტილი კაცი. მეგობრები მყავდა გარშემო, ცოტა მაგარი ბიჭიც გახლდით. მაშინ ასე იყო, მაძიებლები იყვნენ ყოჩობისა. მე ვერაზე ვცხოვრობდი. როგორი იყო იცით, მაშინ ჩხუბი? დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ვჩხუბობდით. ვამტვრევდით ერთიმეორეს. მაშინ ასეთი კანონი იყო, თუ სისხლი წაგსკდებოდა – დამარცხებული იყავი. გამარჯვებული იყო ის, ვისაც სისხლი არ წამოუვიდოდა. მერე შემოვიდა ახალი „კანონი“, ვისაც მეტი „სინიაკი“ ჰქონდა, ის ითვლებოდა დამარცხებულად. და ასე დალურჯებულები დავდიოდით. მერე ესეც გადავიდა „მოდიდან“ და ვისაც დაარტყამდი და წააქცევდი, ის იყო დამარცხებული. არავითარ იარაღს არ ვხმარობდით, ხელი იყო და გათავდა. მახსოვს, ერთხელ ვერიდან ქვემოთ, ზემელისკენ მივდიოდი და იქიდან, იარბურგიდან ამოდიოდა ბუაძე იყო, ელგუჯა, საყვარელი, ძალიან ჯანიანი, ვაჟკაცი ბიჭი, ხარაგოულელი. მე და იმან დავარტყით 27-ჯერ. ათჯერ გავიმარჯვე მე. დანარჩენი – მან. ის იყო დარტყმის ოსტატი. პირველად რომ დაგარტყამდა, მერე რომ მომკვდარიყავი, ჩხუბში აღარ გამოგყვებოდა, წადი, ბიძიკო, დღეს შენი დღეა, შენთვის გათენებულაო. დარტყმები ინიშნებოდა მოსკოვის ქუჩის ზემოთ, რუსულ ეკლესიასთან. პლეხანოვზე – მუსკომედიის თეატრის უკან, გოგიჯანოვის ბაღი იყო მაშინ იქ. აი, ეს იყო გარტყმა-გამორტყმები. მერე სპორტს მოვკიდე ხელი, ცხენოსნობას და ნელ-ნელა მოვეშვი ჩხუბს. ბევრი შემთხვევა მქონდა და ბევრჯერ დამიხსნა თეატრალურმა ინსტიტუტმა და აკაკი ხორავამ. დოდო აბაშიძის მამა ვანიკო აბაშიძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა, დაპატიმრებულიც იყო. ის რაინდულად აღესრულა. მამის 37-ში დახვრეტის შემდეგ, დედა – ნინო ანდრონიკაშვილი ობლობაში ზრდიდა მომავალ დიდ მსახიობს. დოდოს დიდი მომავალი კი თვით სანდრო ახმეტელმა იწინასწარმეტყველა. „თეატრალური ინსტიტუტი დიდ იმედებს ამყარებს სტუდენტ დოდო აბაშიძეზე და მიაჩნია, რომ ის დიდი მსახიობი გახდება“, – ამას უკვე თეატრალური ინსტიტუტის რექტორი აკაკი ხორავა ჩაწერს მის დახასიათებაში. არადა, თეატრალურ ინსტიტუტში ნაცნობობით მიიღეს, გამოცდაზე გრიშაშვილის ლექსს კითხულობდა: „ჩამღერებით წავიკითხე და თანაც, რაც ძალა და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. იმხელას ვყვიროდი, რომ მთელი პროფესურა აუდიტორიიდან გარბოდა. თურმე მაჩერებდნენ კიდეც, მაგრამ მე არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. ინსტიტუტში დროებით, თებერვლამდე ჩამრიცხეს. აკაკი ხორავამ თქვა, დავტოვოთ გამოსაცდელი ვადით და მერე გადავიწყვიტოთო. მერე დოდო ალექსიძემ მომიწყო გამოცდა, მომცა ეტიუდი და ეს ეტიუდი ისე შევასრულე, რომ მთელი ინსტიტუტი ამაზე ლაპარაკობდა. ეტიუდი ასეთი იყო, თითქოს მე მოვხვდი კიროვის ბაღში. ტანსაცმელი არ მაცვია, გავიხადე მაისური, დავსვარე აგურის ფხვნილით და დავაწერე ნომერი 19. ვითომ ამ ნომრით მორბენალი ვიყავი და გავრბივარ ქუჩაში. აქეთ მანქანა მიპიპინებს, იქით ხალხი რაღაცას მეძახის. ყველაფერი ვითამაშე ხმით, პლასტიკით და სახლში მივედი. ბატონი დოდო თვითონ მიკრავდა ტაშს. თუმცა გამოცდაზე ეს მიღებული არ იყო. ხალხი კი სიცილისგან იატაკზე ეყარა. ამის მერე ინსტიტუტში დამტოვეს. მე კიდევ ისე მომეწონა კარგი ნიშანი, რომ მერე სულ კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი და მე და აკაკი დვალიშვილი მარჯანიშვილის პირველი სტიპენდიატები გავხდით. 1949 წელს ჩამიყვანეს კიდეც რუსთაველის თეატრში…“ყვებოდა დიდი მსახიობი. გაქცევა კინოში რუსთაველის თეატრში დოდო აბაშიძემ მხოლოდ 7 წელი გაძლო და გაიქცა… გაიქცა კინოში. კინოში მისი დებიუტი „ჭრიჭინაში“ შედგა, მის „ჟოლობქვეშ“, თავსხმაში მდგარ „ბიჭიკოს“ კი ბედმა მერე 60 კინოროლი „დაასხა თავს“. დოდო აბაშიძემ მაყურებლის გულებისკენ პირველივე, თუნდაც ეპიზოდური როლებით გაიკვალა გზა. ქართულ კინოს წამყვან მსახიობად კი მაინც მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველის“ შემდეგ მოგვევლინა. სწორედ „დიდი მწვანე ველის“ გადასაღებ მოედანზე დაიბადა დიდი რომანიც – დოდო აბაშიძესა და მსახიობ ლია კაპანაძეს შორის. აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია. დოდო აბაშიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალბატონი ლია კაპანაძე განაცხადებს, რომ მათ „დიდი მწვანე ველის“ გადაღებისას, დიდი, მწველი, ამაღლებული გრძნობა ეწვიათ… დიდი მსახიობი 1989 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები