ახალი ამბები
გაოცებულები მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, დესტრუქციული ძალების მიერ თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა წამოწყებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.. საქართველო ელოდება ევროპელების ბრძნულ გადაწყვეტილებას - პრემიერი
2022-06-06 15:31:05
ჩვენ 2024 წელს ვაპირებდით ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. ველოდებით ჩვენი ევროპელების, ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ, სამართლიან შეფასებასა და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, მიყვება ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება აუცილებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს.
სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ჩვენ შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ცდილობდნენ და ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში... გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. გახსოვთ, მაშინ, როცა უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, რომ რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს. იგივე ხდება ახლაც, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე .
კომენტარები