0 5 : 4 5
 | 

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკე - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი - თემურ გორგაძე; ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორი - გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევი - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთი - რიმა ბერაძე; დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანი - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.

 პრემიერის განცხადებით, დედაქალაქის მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ იზრუნებს მათ საჭიროებებსა და ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“, ანუ კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ძლიერი თვითმმართველობები გვყავდეს და ქვეყნის თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისთვის კი, ახალი ენერგია გვჭირდება. დღევანდელობა განახლებულ დღის წესრიგსა და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია მზადაა, ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებიც განმარტა. მისი თქმით, ესაა მაღალი პასუხისმგებლობა, პრობლემების გამკლავების უნარი და ქალაქის გაუმჯობესების მიზანი.

 „სწორედ ამ ნიშნითაა შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ გუნდი თბილისის საკრებულოში. მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებსაც ზურგს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება უმაგრებთ. თითოეული მათგანი მზადაა, საკუთარი ცოდნა და ენერგია თბილისისა და თბილისელების სამსახურს მოახმაროს, რათა თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად იქცეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკრებულოს მაჟორიტარობის თითოეული კანდიდატი მოქალაქეთა უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს.

 „მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას მოიპოვებს და ხალხის იმედს ბოლომდე გაამართლებს. ბევრ მათგანს ჩვენი საზოგადოება მათი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე იცნობს. არიან ახალი სახეებიც, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაიმკვიდრებენ თავს, როგორც ხალხზე მზრუნველი პოლიტიკოსები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიმართა და ყურადღება დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 „თბილისის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო და ქმედით თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც მეტ სიცოცხლეს შეიტანს ჩვენს ქალაქში“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 კალაძის თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისა და თბილისის, მისი თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება ის მიზანი იქნება, რომელიც თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვის საქმეში მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გააერთიანებს.

 მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს წევრების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდა, გათვალისწინებული იყო როგორც თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი, სამოქალაქო პოზიცია და მონაწილეობის მზაობა საერთო საქმეში, ასევე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - თბილისის ერთგულება და სიყვარული.

 „გვჯერა, რომ განახლებული საკრებულო განახლებული ენერგიით შეუდგება საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, უახლოეს მომავალში, თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები