2 3 : 5 4
 | 

პოლიტიკა

სექსუალური შევიწროება- პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

სექსუალური შევიწროების სკანდალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნულის შესახებ განცხადება "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა. 

მან პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებით იუსტიციის მინისტრს უკვე მიმართა. უგრეხელიძე აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, სიცრუეს ტირაჟირებს. 

„სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემ მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგობრობის პერიოდში 2013 წლიდან - 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან "შევიწროვების" მსხვერპლი. ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს,“- წერს პაპუნა უგრეხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ეკა მესხიძემ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკუთარი ინტერესების დაცვას უგრეხელიძე სასამართლოში აპირებს.

„ეკა მესხიძის მხრიდან ჩემ მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ ე. მესხიძის შევიწროვებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“, როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლ მესხიძეს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვის... სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია... როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი „დასკვნები“ ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს,“- წერს Facebook-ზე უგრეხელიძე.

პაპუნა უგრეხელიძე მივლინებიდან გუშინ დაბრუნდა და დღეს მას შეხვედრა თეა წულუკიანთან უნდა ჰქონოდა, ამის შესახებ განცხადება თავად იუსტიციის მინისტრმა გააკეთა და დაანონსა, რომ უგრეხელიძესთან უხერხული კითხვები ჰქონდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები