1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს

აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის.

“საქართველოში სამწლინახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა. აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა.

შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„ძალა ერთობაშია“ - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ. რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.

ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში":

„გარდმომევლინა ყოვლად შემძლები

ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,

აღმიფრთოვანა მან ოცნებები

და განმიწმინდა ხედვა და სმენა."

უსაზღვრო მადლიერებით,“ - წერს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...