1 9 : 4 1
 | 

კრიმინალი

თამარ ბაჩალეიშვილის გაუჩინარება შესაძლოა, მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება

ახალგაზრდა ქალის ოთხდღიანი ძებნა ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება. ასამდე პოლიციის თანამშრომელი ამ დრომდე სოფელ ხიხანის გარშემო მდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა.

გაჩნდა ვერსია, რომ თამარ ბაჩალეიშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტულად დღემდე არ იციან, თუ სად მუშაობდა მათი შვილი და რა მოვალეობას ასრულებდა. სრულიად მოულოდნელად, ოჯახს უარი უთხრეს გაუჩინარებული გოგონას სატელეფონო ზარების ამონაწერებზეც.

ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათზე გავიდა. ის ვერცხლისფერი “ჰიუნდაით” გადაადგილდებოდა. 12 საათზე მანქანა მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში. მისი კვალი უკვე სოფელ გოლთეთში იკარგება.

რა მიზნით გავიდა გოგო სახლიდან და სად მიდიოდა, არავინ იცის. თუმცა, ოჯახს გამოძიების იმედი აღარ აქვს და გვიყვება ვერსიას, რომელიც შესაძლოა თამუნა გაქრობას უკავშირდებოდეს.

დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თამარმა განათლება საფრანგეთში, კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო და დღემდე არ იცის, სად მუშაობდა მისი შვილი საქართველოში და რა სამუშაოს ასრულებდა.

გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა. შპს “ზეგის” ხელმძღვანელს ჩვენც დავურეკეთ. მან კონკრეტულად არ გვითხრა, რა დავალებას ასრულებდა 23 წლის პროგრამისტი ან რას საქმიანობს კომპანია.

სამართალდამცავებს ჯერ კიდევ არ ამოუღიათ გოგოს პირადი დღიურები და შესაბამისად, არც იქ ჩანიშნილი მობილურის ნომრები შეუსწავლიათ. ოჯახს სატელეფონო ანძების ამონაწერებზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, ვერ დგინდება ვის ესაუბრა თამარი ბოლოს. გამოძიებამ შესასწავლად მხოლოდ გოგოს კუთვნილი კომპიუტერი წაიღო.

სოფელში, დაკარგული გოგო ნახეს, პოლიცია ავტოფარეხებს არ ამოწმებს, მაგრამ სამძებრო სამუშაოებში არაერთი ეკიპაჟია ჩართული. მომხდარს ადგილზე მობილიზებული პოლიციაც ადასტურებს.

ოჯახი კი ითხოვს, რომ ადვოკატის დახმარებით საგამოძიებო პროცესებში ჩაერთოს და წვდომა ჰქონდეს კამერებსა და სატელეფონო ჩანაწერებზე, მაგრამ პოლიცია ვერც 23 წლის გოგოს პოულობს და ვერც იმას ახერხებს, რომ ოჯახს გამოძიების დეტალები შეატყობინოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები