0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა

ბოლო თვეებში ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა: მარტში ჩვენმა ქვეყანამ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, ხოლო მაისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი აირჩიეს.

17 ივნისს კი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტიც გახდა, ხოლო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი და კიდევ 2 წევრი ფიბა-ევროპის სხვადასხვა კომისიების წევრებად აირჩიეს. საერთაშორისო საკალათბურთო ასპარეზზე ქართველების ასეთი სიმრავლე და აქტივობა უპრეცედენტოა.

ამ მნიშვნელოვან ფაქტზე, აგრეთვე  ევრობასკეტის მასპინძლობის შანსებზე გვესაუბრება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

– 17 ივნისს პირველად შეიკრიბა ფიბა-ევროპის ახლადარჩეული აღმასრულებელი საბჭო, რომლის ძირითადი მიზანი სამუშაო კომისიების დაკომპლექტება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ეს ის აღმასრულებელი საბჭოა, რომლის წევრადაც  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი აირჩიეს. აღმასრულებელი საბჭოს პირველივე სამუშაო სხდომაზე  ბატონი გიორგი ფიბა-ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა.

ქართველებისთვის ფიბა ევროპის კომისიის პრეზიდენტობა აქამდე უპრეცედენტო ფაქტია, თუმცა წინა წლებში ჩვენი წარმონადგენლები იყვნენ ფიბა ევროპის სხვადასხვა კომისიების წევრები

– მართალი ბრძანდებით. წინა, 2014-2019 წლების მანდატისგან განსხვავებით, გიორგი ქართველიშვილი იურიდიული კომისიის წევრობიდან ამავე კომისიის პრეზიდენტი გახდა. ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ გაბრიჩიძე, წინა მანდატის მსგავსად, კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ფიბა ევროპის ახალგაზრდულ კომისიაში. თუმცა, ამით საქართველოს წარმომადგენელთა ინტეგრაცია ფიბა ევროპის სტრუქტურებში არ დასრულებულა: ტექნიკური კომისიის წევრი გახდა ფედერაციის ფიბასა და საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი, ხოლო საშეჯიბრო კომისიის წევრი – თქვენი მონა-მორჩილი პაატა გურასპაული.

კომისიები მუშაობას როდის დაიწყებენ ?

– როგორც აღვნიშნე, აღმასრულებელი საბჭოს შეკრების მიზანი კომისიების დაკომპლექტება გახლდათ. ახლა კი განისაზღვრება მიმართულებები და ჩაინიშნება კომისიის შეკრების თარიღები. კომისიები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე შეიკრიბება და ქართველებიც აქტიურად ვიქნებით მათ მუშაობაში ჩართულნი.

საერთაშორისო საკალათბურთო სტრუქტურებში ქართველების გააქტიურება ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პრესტიჟი გაიზარდა. რამდენად ზრდის ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის შანსს, უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს.

– ის ფაქტი, რომ დღეს უკვე 4 ქართველია ფიბა-ევროპის სტრუქტურებში და ერთ-ერთი მათგანი აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამავდროულად კომისიის პრეზიდენტია, ნათლად მიუთითებს საქართველოს როლის გაზრდას  საკალათბურთო სამყაროში. ეს არის ძალიან დიდი აღიარება და დაფასება იმ სამუშაოსი, რაც ჩვენმა ფედერაციამ გასწია გასულ წლებში. შანსი, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს, რა თქმა უნდა, არსებობს და ის ახლა უფრო გაიზარდა.

როდის გადაწყდება მასპინძლობის საკითხი და რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ საკითხში?

– საორგანიზაციო საკითხში უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი როლი სათამაშო არენას უკავია, რომლის აშენების გარანტიაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფიბა-ს წარმომადგენლებთან უკვე გასცა. შერჩეულია ადგილი, სადაც 15 000-იანი, ულტრათანამედროვე არენა აშენდება. არა მხოლოდ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს აქვთ გამოთქმული სრული მზადყოფნა იმის თაობაზე, რასაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჰქვია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, რომლის მონაწილეობაც აუცილებელია ევრობასკეტის მასპინძლობაში.

14 ივლისს, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც ევრობასკეტის მასპინძლობის საკითხზე იმსჯელებენ და 15 ივლისს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვერდიქტის გამოტანამდე ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა გაიმართება: მასპინძლობის სურვილის მქონე ყველა ქვეყანა ეცდება დაარწმუნოს ევროკალათბურთის ხელმძღვანელები, რომ ისინი ამას იმსახურებენ. ამისთვის გამოიყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც არსებობს – იქნება ეს სარეკლამო რგოლების წარდგენა, სახელმწიფოს უმაღლესი პირების პრეზენტაციაში მონაწილეობა და მათ მიერ აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მკაფიო მზაობის გამოხატვა.

 საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს ფიბა ევროპის აღმასრულებელი საბჭო. სწორედ მისი წევრი 25 პიროვნება, ფარული კენჭისყრით, შეარჩევს ევრობასკეტ2021-ის 4 მასპინძელ ქვეყანას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები